ხაბეიშვილი: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, დატოვოს მანდატი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, დატოვოს მანდატი და ამაზე მუშაობას აპირებენ სხვა პარტიებთანაც.

ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტი დარჩეს ერთპარტიული. ამის შესახებ ის ჟურნალისტებთან ესაუბრა პარლამენტში.

„რაც შეეხება მანდატების დატოვებას, მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამისთვის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ დარჩება პარლამენტი ერთპარტიული ამას ექნება დიდი მნიშვნელობა. ვიმუშავებთ თუ არა ჩვენს კოლეგებთან ამ საკითხზე? პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კი,  ვიმუშავებთ, რომ პარლამენტი გახდეს ერთპარტიული თან რაც შეიძლება სწრაფად,“  – ლევან ხაბეიშვილის ამ კომენტარს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

მედიასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ხატია დეკანოიძემაც. დეკანოიძემ აღნიშნა, რომ განიხილავენ ყველა ბერკეტს, რომელსაც შედეგი ექნება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მანდატების დატოვების საკითხი პარტიაში არ განიხილება.


გუშინ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე შიმშილობა გამოაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა: ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა. დღეს მათ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა. ისინი ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ სამკურნალოდ.