ხაბეიშვილი: მელია აღარ ირიცხება „ნაციონალურ მოძრაობაში“

პუბლიკა

ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელია პარტიაში აღარ ირიცხება.

„ეს კონკრეტული ადამიანი[მელია] აღარ წარმოადგენს პარტიას, აღარაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით”, თქვა „ფორმულას“ ეთერში ლევან ხაბეიშვილმა. 

მას ჰკითხეს, თავად გაუშვა თუ არა მელია პარტიიდან 23 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეზე არ მივიდა და მანიფესტს ხელი არ მოაწერა.

„მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა თავად, რომ აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, თქვა მან. 

ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელიას პარტიაში ისევ მიიღებენ ,,თუ გადაწყვეტს[მელია] ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლას”. 

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებულია მიხეილ სააკაშვილთან. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის პოლიტსაბჭოდან ,,გარიყულ” ადამიანებს დაბრუნებისკენ მოუწოდებდა, სწორედ მელიას მიემართებოდა.