„რაც დღეს „რუსულმა ოცნებამ“ იკადრა ნორვეგიის ელჩის დაბარებით, არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების“ – განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და ამასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა.
ნორვეგიის ელჩის დაბარებას, ბრიფინგით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.
„დღეს ვნახეთ ჩვენ არაადეკვატური დამოკიდებულება „რუსული ოცნების“, რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისთვის და ეს ჯილდო არის დემოკრატიის განვითარებისთვის გადაცემული. ჩვენ ვნახეთ, რომ ანტონი, ბერას სათამაშო, ბავშვებს სკოლაში რომ უვარდებოდა და აშინებდა მერე ამაზე საუბრობდა მისი ბატონის შვილთან, ბერასთან, ეს კაცი საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
პრეზიდენტ სააკაშვილი, მანამ სანამ პუტინის ტყვეობაშია, მხარს უჭერს პრეზიდენტი ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმაც გააკეთა განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით და დაძაბოს გონება „რუსული ოცნების“ მხარდამჭერებმა, ჯერ კიდევ თუ დარჩა ამ პარტიას.
ვინ არის „რუსული ოცნების“ პარტნიორი? ესენი არიან, მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი, პუტინი, ლავროვი, სხვა მათ მოკავშირე არავინ არ ჰყავთ. შესაბამისად, ის რაც დღეს იკადრეს არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ნორვეგიის ელჩი ამის გამო დაიბარეს“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
დღევანდელ ბრიფინგზე, ლევან ხაბეიშვილმა ასევე მიმართა ახლად არჩეულ სახალხო დამცველს და მოუწოდა, რომ უზრუნველყოს ექიმების კონსილიუმის შესვლა პრეზიდენტ სააკაშვილთან.