დარახველიძე: ხაბეიშვილი შეიჭრა კორდონში, გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო დაზიანება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში და წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.

„კადრებში კარგად ჩანს ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება.

ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას”, – თქვა დარახველიძემ.

ლევან ხაბეიშვილს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. მას ჩამტვრეული აქვს ცხვირის ძვლები, დაზიანებული აქვს თვალი.

„ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ხაბეიშვილი სპეციალურად იმისთვის „გაიტაცეს” პერიმეტრიდან, რომ „ეს სისხლიანი ანგარიშსწორება მოეხდინათ”.