„ხაბეიშვილი & ზარქუას" საქმე | ბრალდებული ამნისტიაზე უარს ამბობს, პროცესი იწყება

პუბლიკა

ორი წლისა და 2 თვის შემდეგ „ხაბეიშვილი & ზარქუას” საქმეზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

საქმეში საკრებულოს ყოფილი დეპუტატებიდან ბრალდებული ლევან ხაბეიშვილია, ირაკლი ზარქუა კი ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილი.

2020 წლის 24 იანვარს თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ დაპირისპირებისას ხაბეიშვილის მიმართ ძალადობისთვის საკრებულოს მაშინდელ 3 დეპუტატს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ბრალიც წარედგინათ.

დერეფანში ხაბეიშვილსა და ზარქუას შორისაც მოხდა კონფლიქტი და სწორედ ამ ეპიზოდზე აქვს ბრალი წაყენებული ხაბეიშვილს ზარქუაზე ძალადობის მუხლით.

რა მოხდა დღეს?

ორივე საქმეზე ბრალდებულებს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებოდა, რაც მათ მიმართ ამნისტიის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ სხდომაზე დაზარალებულ ირაკლი ზარქუას განცხადება წაიკითხა, სადაც ის თანხმობას აცხადებს, რომ ხაბეიშვილზე გავრცელდეს ამნისტია და მის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის დევნა.

„თანხმობა დაზარალებულის მიერ წარმოდგენილია – აცხადებს, რომ თანახმაა, გამოყენებული იყოს თქვენ მიმართ [ამნისტია], რომ არ აქვს არანაირი პრეტენზია. ნოტარიულად დამოწმებული განცხადება წარმოდგენილია 16 მარტს.

ამნისტიის შესახებ კანონით გათვალისწინებულია, რომ პირმა არ ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და საქმის განხილვა ჩვეულებრივ გაგრძელდეს სასამართლოში”, – განაცხადა მოსამართლემ.

როგორც მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ ხაბეიშვილმა აღნიშნა, ის უარს ამბობს ამნისტიაზე. თავს პოლიტიკური დევნის ობიექტად მიიჩნევს და საქმის შეწყვეტას მოითხოვს, ვინაიდან მიაჩნია, რომ „არ არსებობს მტკიცებულებები, არ არსებობს რეალური დაზარალებული და რომ დანაშაული საერთოდ არ მომხდარა”.

„გარდა იმისა, რომ ზარქუამ იბოდა, 2 წლის წინ პოლიტიკური ნიშნით დააწერინეს განცხადება და ახლა ამბობს, რომ პრეტენზია არ აქვს. ვერც ექნება, რადგან ბუნებაში დანაშაული არ მომხდარა”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა პროცესზე. ის ორი წლის შემდეგ ამ საქმის გააქტიურების რეალურ მიზეზს მის პოლიტიკური და ანტიკორუფციული მიმართულებით აქტიურობაში ხედავს.

ვინაიდან ბრალდებულმა უარი განაცხადა ამნისტიის გამოყენებაზე, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება და არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა. მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დევნის შეწყვეტის საფუძველს არ იძლევა.

„ოცნების”ყოფილი დეპუტატების საქმე

როგორც აღინიშნა, მსგავსად ხაბეიშვილისა, საკრებულოში „ოცნების” მაშინდელი დეპუტატების მიმართ ბრალად წარდგენილ მუხლზეც ვრცელდება ამნისტიის კანონი. როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას, ენმ-ის წევრი ამბობს, მანაც მოუწერა ხელი ბრალდებულებს, რომ ისარგებლონ ამნისტიის შესაძლებლობით.

„ყოფილი 3 დეპუტატი მოვიდა ჩემთან რამდენიმე კვირის წინ. მთხოვეს, შემეხვეწნენ, რომ ემუქრებოდათ პასუხისგების საფრთხე და თუ შევიწყალებდი. შესაბამისად, სამივეს მოვუწერე ხელი, დიახ. ჩემი ამოცანა არასდროს არ ყოფილა ვინმეს ციხეში გაშვება… მათ მიმართ შეწყდა კი საქმე, რადგან თანხმობა განაცხადეს ამნისტიაზე”, – ამბობს ხაბეიშვილი.

დღეს ამ საკითხს facebook-პოსტით გამოეხმაურა „ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუაც. მან ხაბეიშვილს „მასხარა” უწოდა და აღნიშნა, რომ საქმის შეწყვეტისთვის განცხადებების მომზადება მისი ინიციატივა იყო.

„2 კვირის წინ მე გამოვიჩინე ინიციატივა, ვიმეორებ ჩემი ინიციატივით დავურეკე  „მასხარა” კოლეგას „ნაცმოძრაობიდან” და ვუთხარი, რომ ვაპირებდი გამოძიებისთვის წერილობით მიმემართა, რომ არ მაქვს არავითარი პრეტენზია ხაბეიშვილის მიმართ, რათა ჩემი კოლეგის მიმართ, ჩვენი კონფლიქტის საფუძველზე არ დამდგარიყო შესაძლო სს პასუხისმგებლობა.

და ხაბეიშვილს მოვუწოდე იგივე ნაბიჯი გადაედგა ჩვენი სამი კოლეგის მიმართ, რაზეც (ობიექტურად უნდა ითქვას) მეორე დღესვე თანხმობა მივიღე და მოკლედ, ორივე მხარემ მოვაწერეთ ხელი, რომ პრეტენზიები ამ კონფლიქტიდან გამომდინარე არცერთს ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს!…

ზუსტად იგივე პროცედურის გასავლელად ჩაინიშნა დღეს სხდომა ხაბეიშვილის მონაწილეობით, რომ მოსამართლის კითხვაზე – არის თუ არა თანახმა, შეეხოს ამნისტია და მის მიმართ საქმე დაიხუროს. ზუსტად 4-წუთიანი პროცედურა იყო გასავლელი, რაც წინასწარ იყო მისთვის და მისი ადვოკატისთვის ცნობილი!.. მან კი შოუ მოაწყო და იმავეს აგრძელებს ახლაც.

საზოგადოებამ მინდა იცოდეს, მე ჩემი მხრიდან ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, რომ ჩვენი კონფლიქტის გამო ხაბეიშვილს შესაძლო პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდა, დათანხმდება თუ არა ჩემი მხრიდან გადადგმულ ამ კოლეგიალურ ნაბიჯს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია”, – წერს ზარქუა.

„ოცნების” დეპუტატის ამ განცხადებას ხაბეიშვილი უარყოფს და ამბობს, რომ ზარქუა იტყუება და მასთან არანაირი საუბარი არ ჰქონია.

„მე მასთან არანაირი შეთანხმება არ მქონია და არასდროს არ მექნება. გარეწარი, აფერისტი კაცია…”, – ამბობს ხაბეიშვილი.

მის ამ განცხადებაზე საპასუხოდ „პუბლიკა” ირაკლი ზარქუასთან დაკავშირებასაც ცდილობდა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.