„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი 3 დეკემბერს 15:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას აანონსებს.
მისი თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა იქნება.
მისივე თქმით, სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის ნებართვა იმიტომ არ გასცეს, რომ „როგორც კი საზოგადოება დაინახავს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობას, მაშინვე ცხადია, ყველას დარჩება ობიექტური შთაბეჭდილება, რომ დღეს ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი, ამიტომ არის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავთ გადამალული“.
ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ რეგიონებში გადის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მობილიზებისთვის და აცხადებს, რომ „რუს ოლიგარქს მხოლოდ ბრძოლით დაამარცხებენ“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ შევახსენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, არ ვაპირებთ, ვიყოთ უიმედობაში, არ ვაპირებთ, რომ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, და მეტიც, კარგად უნდა იცოდეს რუსმა ოლიგარქმა, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, ბრძოლას და ბრძოლას გამარჯვებამდე“,- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.