საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს მიერ სამი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა. პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობებს დაცვის მხარე არ დაეთანხმა.
სხდომაზე შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება „ექსპერტიზის დანიშვნას სამხარაულთან, რომლის ხელმძღვანელი, დამნიშნავი და გამათავისუფლებელი 24-საათიან რეჟიმში სააკაშვილის დამამცირებელ, აბუჩად ამგდებ განცხადებებს აკეთებს“.
მან ასევე ისაუბრა ალექსანდრე გეჯაძეზე. მისი თქმით, ის არაერთხელ შეხვდა გეჯაძეს და სურდა ამ საქმეში მისი ჩართვა, თუმცა გეჯაძისგან უარი მიიღო. ხაჭაპურიძის თქმით, გეჯაძემ განუცხადა, რომ თუ მას შსს დაურეკავდა, დადებდა იმ დასკვნას, „რაზეც დაურეკავდნენ“ . ხაჭაპურიძის მონაყოლის მიხედვით, ამავე საუბარში გეჯაძემ ხაჭაპურიძეს უთხრა, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე, დადო დასკვნა, რომელიც შსს-ს აწყობდა.
„თუმცა მან რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით… და როგორც ვატყობ, მათი მოწმეებად მოყვანა მომიწევს – მაგალითად, ადვოკატი ილია ლომიას, ბატონი ზურაბ ვანიშვილის და რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით მან ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რაზეც დაურეკავენ.
ამიტომ მითხრა – „შალვა, დიდი ბოდიში, მე შენ პატივს გცემ. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ და მე არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე, როცა დავდე ის დასკვნა, რომელიც აწყობდა შსს-ს. აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ, ბატონი გეჯაძე დაადასტურებს, თორემ ჩვენ გაგვაჩნია ფარული ჩანაწერი, როდესაც გეჯაძე ჩავწერე, როცა ის ამას მელაპარაკებოდა. მაშინ მოგვიწევს დღეს ტელევიზიით მოვისმინოთ, რა თქვა გეჯაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით. მან მას ზედმეტსახელად შეარქვა „ჩიტი“ – ტელეფონზე დამირეკა, და „რა გინდოდა ამ ჩიტის საქმეშიო”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ
ხაჭაპურიძემ ასევე ისაუბრა ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილზეც. როგორც მან აღნიშნა, ნიკოლეიშვილმა ალტერნატიულ ექსპერტიზაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ვინაიდან ნიკოლეიშვილი სააკაშვილს პირად მტრად მიიჩნევს. გეჯაძის კომენტარს მედიაცენტრი მთავარი ავრცელებს. “ამ სიბინძურეში ვერ გავეხვევი. არ მომისმენია, არ ვიცი, რაზეა საუბარი. არ ვიცი, რა ჩანაწერი გააკეთა და საერთოდ რაზე ისაუბრა სასამართლოზე. მოვუსმენ, გავეცნობი და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს”, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
„პუბლიკა” ალექსანდრე გეჯაძესთან დაკავშირებას ცდილობს. ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე არევაძემ არ დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პროცესი იმართება. პროცესზე მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართეს, თუმცა ამ დროისთვის ჯანმრთელობისა და ტექნიკური ხარვეზის მიზეზით, ის სხდომაზე მონაწილეობას აღარ იღებს.