ხაჭაპურიძე: სამარცხვინოდ ჩაიჭრნენ და ამის პასუხს მიიღებენ რამდენიმე დღეში სტრასბურგის სასამართლოსგან

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ინტერესების უფლებადამცველმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში ორ-სამ დღეში გაიგზავნება.

„ორ-სამ დღეში გაიგზავნება უკვე [საჩივარი ევროსასამართლოში]. ჩვენ მივეცით შანსი საქართველოს სასამართლოებს, იმისთვის, რომ ყურადღებით მოესმინათ ამ საქმისთვის და კიდევ ერთხელ მივეცით შანსი, მიეღოთ კანონიერი გადაწყვეტილება, რომ გადაერჩინათ სასამართლო სისტემა. როგოც ხედავთ, მათ ეს ტესტი ვერ ჩააბარეს და სამარცხვინოდ ჩაიჭრნენ. ამის პასუხს მიიღებენ რამდენიმე დღეში სტრასბურგის სასამართლოსგან“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ  მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წამის წინ გამოცხადდა.

„დაახლოებით 15 სხდომა ჩავატარეთ, დავკითხეთ 24 მოწმე. მოგახსენებთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ადგილზე თათბირით: მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან განჩინების აღსრულების გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა მოსამართლემ.