ხაჭაპურიძე: „უბრალოდ, არ გამოაჩინეს სააკაშვილი“

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ჩაურთველობის მიზეზი არა ტექნიკური გაუმართაობაა, არამედ ის, რომ არ გამოაჩინონ სააკაშვილი.

ხაჭაპურიძემ კომენტარი „ტელეკომპანია პირველს“ მისცა.

„კლინიკა ტექნიკურად ახლაც აღჭურვილია, ამდენი თანამედროვე ტექნიკა, როგორც „ვივამედშია“, მე მგონი, საქართველოში არსად არ არის.

დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა გაუგებარი ტერმინით, რომ ვერ მოხერხდა ამის უზრუნველყოფა… უბრალოდ, არ გამოაჩინეს სააკაშვილი. როგორ უნდა გამოაჩინო და როგორ უნდა თქვა, როცა სააკაშვილს დაინახავ, მაგის მერე, რომ სააკაშვილს უტარდებოდა მკურნალობა და რამე შედეგები მოჰყვა ამ მკურნალობას.

აბსოლუტურად გაუგებარი, წარმოუდგენელი რამ თქვეს, მტკიცებულებებზე, რომელშიც „ვივამედიდან“  პაციენტის ისტორიაა ამოღებული, ერთი თვე მოითხოვა. თავისსავე მტკიცებულებებზე, რომელიც მას აქვს წარმოდგენილი…

თუ ჰგონიათ, რომ ამ დღეებში სააკაშვილს კარგად გახდიან, ცდებიან. მინისტრმა რაც თქვა, ის ვიდეომასალა ჩვენ თვითონ გამოვითხოვეთ და მოსამართლემ დააკმაყოფილა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდან არ გადაიყვანეს და არც დისტანციურად ჩართეს.

„ვივამედმა“ მისი გადაყვანის რეკომენდაცია არ გასცა, დისტანციურად ჩართვაზე უარი კი საავადმყოფოს ტექნიკური გაუმართაობით განიმარტა.