ხადის ხეობაში დაგეგმილი გვირაბის გასაჭრელი დანადგარი საქართველოშია - გზების დეპარტამენტი

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხადის ხეობაში დაგეგმილი გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი უკვე საქართველოშია.

ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დარგის სპეციალისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის  მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.

„ქვეშეთი-კობის არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე.  ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებულ გზაზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება და წელიწადის ნებისმიერ დროს ამ მარშრუტზე შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა, რაც უსაფრთხოებასთან და დროის დაზოგვასთან ერთად, ქვეყნისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია”, – წერს კომპანია.

ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება – ეს იმ არგუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც მოსახლეობა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პროექტის ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე,  აუცილებელი იყო, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილმდებარეობა შერჩეულიყო.

ამასთან, Icomos-ის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით საფრთხეში არსებული ძეგლების ჩამონათვალია მოცემული. ანგარიშში ასახულია 2016-2019 წლებში მსოფლიოს 23 ქვეყნის საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლები, მათ შორის – საქართველოდან. ესენია:  ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადის ხეობა და დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი.

„უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ეკლესიები, კოშკები და სხვა ნაგებობები (მე-9, მე-10, მე-18 და მე-19 სს) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სერიოზულ მოვლას საჭიროებს.

შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, ისტორიული შენობების ერთი ჯგუფი დაგეგმილი სამშენებლო ზონიდან მხოლოდ 50 მეტრითაა დაშორებული, რაც მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს”, – ვკითხულობთ Icomos-ის ანგარიშში.