ხადის ხეობაში 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყეს

პუბლიკა

ხადის ხეობაში დაგეგმილი მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გვირაბი სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, ის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.

უწყების ცნობით, ქვეშეთი-კობის 23 კმ.-იანი გზისა და 9 კმ.-იანი გვირაბის მშენებლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9კმ. სიგრძისა და 15მ. დიამეტრის გვირაბის მშენებლობა.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად არსებული გზის სიგრძე  34 კმ.-ია, ხოლო ახალი გზის სიგრძე 23 კმ. იქნება, რაც მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შეამცირებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება. 

ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება – ეს იმ არგუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც მოსახლეობა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პროექტს ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე,  აუცილებელი იყო, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილმდებარეობა შერჩეულიყო.

ამასთან, Icomos-ის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით საფრთხეში არსებული ძეგლების ჩამონათვალია მოცემული. ანგარიშში ასახულია 2016-2019 წლებში მსოფლიოს 23 ქვეყნის საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლები, მათ შორის – საქართველოდან. ესენია:  ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადის ხეობა და დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი.

„უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ეკლესიები, კოშკები და სხვა ნაგებობები (მე-9, მე-10, მე-18 და მე-19 სს) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სერიოზულ მოვლას საჭიროებს.

შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, ისტორიული შენობების ერთი ჯგუფი დაგეგმილი სამშენებლო ზონიდან მხოლოდ 50 მეტრითაა დაშორებული, რაც მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს”, – ვკითხულობთ Icomos-ის ანგარიშში.

ფოტო: „პუბლიკა”