ხაინდრავა კინოცენტრისგან 955 000 ლარს მიიღებს - ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

ბასტი მგალობლიშვილი

გოგა ხაინდრავა კინოცენტრისგან 955 000 ლარს მიიღებს. ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებულია. კინოცენტრის ამავე კონკურსში გაიმარჯვეს: 

„შინ“ – პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გიორგი აბაშიშვილი) 955 000 ლარით;

„იარე“ – პროდიუსერი: შპს „რონინფილმი“ (რეჟისორი: გიორგი ხურცილავა) 635 000 ლარით;

„ზღვა ყველას მიიღებს“ – პროდიუსერი: შპს „ჯემინი“ (რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი) 955 000 ლარით;

„შენდობა“ – პროდიუსერი: შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენ“ (რეჟისორი: გიორგი ხაინდრავა) 955 000 ლარით.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია განახლდება.

ასევე ცნობილია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისა და ანიმაციური ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსებში გამარჯვებულთა ვინაობა.

კონკურსის „მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2025-2026 წლის წარმოების დაფინანსება“ – ფარგლებში დაფინანსდა შემდეგი პროექტები:

„ჯერაეილ“ – პროდიუსერი: ი.მ თენგიზ ასიტაშვილი (რეჟისორი: თენგიზ ასიტაშვილი) 116 090.13 ლარით;

„დინოზავრი“ – პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გრიგოლ ფალავანდიშვილი) 125 000 ლარით;

„ამბროსი“ – პროდიუსერი: ი.მ რევაზ ნასიძე (რეჟისორი: რევაზ ნასიძე) 124 845.58 ლარით.

კონკურსის „სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2025-2026 წლის წარმოების დაფინანსება“ – ფარგლებში დაფინანსდა შემდეგი პროექტები:

„შინ“ – პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გიორგი აბაშიშვილი) 955 000 ლარით;

„იარე“ – პროდიუსერი: შპს „რონინფილმი“ (რეჟისორი: გიორგი ხურცილავა) 635 000 ლარით;

„ზღვა ყველას მიიღებს“ – პროდიუსერი: შპს „ჯემინი“ (რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი) 955 000 ლარით;

„შენდობა“ – პროდიუსერი: შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენ“ (რეჟისორი: გიორგი ხაინდრავა) 955 000 ლარით.

კინოცნტრის ცნობით, კონკურსის „სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) დაფინანსება“ საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის გადაწყვეტილებით, განსახილველი პროექტ(ებ)ი მეორე ეტაპზე ვერ გადავიდა და კონკურსი დასრულებულად გამოცხადდა. 30 ოქტომბერს კინოცენტრმა იქვე განაცხადა, რომ „სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2025-2026 წლის წარმოების დაფინანსების” კონკურსში მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, საკონკურსო ფონდი გაიზარდებოდა 3 500 000 ლარამდე, ხოლო დასაფინანსებელი პროექტების მაქსიმალური რაოდენობა 3-ის ნაცვლად განისაზღვრებოდა 4 პროექტით.


გასულ წელს გოგა ხაინდრავა შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოცენტრის 12-წევრიანი დელეგაციის წევრიც იყო.

„პუბლიკამ“ რეჟისორ გოგა ხაინდრავას შარშან ჰკითხა, როგორ მოხდა, რომ ის კინოცენტრის წარმომადგენლის სახელით იყო შანხაის კინობაზრობის პლატფორმაზე.

„მაგას რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, თქვენ რა გაინტერესებთ… მე კინორეჟისორი ვარ და თუ რამე გაინტერესებს კინოზე, მკითხე. ტექნიკურად იქ როგორ გაფორმდა, დარეკე კინოცენტრში და იკითხე. კინოცენტრში დარეკე და გეტყვიან, მე არ ვიცი, როგორ გაფორმდა“, – გვითხრა გოგა ხაინდრავამ.

– კინოცენტრის თანამშრომლად გაფორმდით?

– კარგად იყავი, რა!

„პუბლიკის“ მიერ მოპოვებულ სიაში კინოცენტრის თანამშრომლების გარდა, დელეგაციაში იყვნენ კულტურის სამინისტროს თანამშრომლებიც, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი და რამდენიმე კინემატოგრაფისტი.


450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი 2 წელზე მეტია, ბოიკოტს აცხადებს „მიტაცებულ კინოცენტრთან“ თანამშრომლობაზე.