ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პირველმა ვიცე-პრემიერმა, დაურ არშბამ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მომხრეებს მოუწოდა, პარასკევს, მოსკოვის დროით 15 საათზე, მთავრობის შენობის წინ, მოედანზე შეიკრიბონ, – ამ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„როგორც იცით, პრეზიდენტს შესთავაზეს გადადგომა და იცით მისი პასუხიც. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გვერდით დავუდგეთ ჩვენს პრეზიდენტს“, – განაცხადა მან.
მანამდე დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის განბლოკვის სხვადასხვა გზას.
სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს, ღამით რაულ ხაჯიმბას მიმართა, თანამდებობიდან გადადგეს დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. საპასუხოდ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
პარალელურად სოხუმის ცენტრში ოპოზიციის აქცია გრძელდება. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში რჩებიან 9 იანვარს შეჭრილი პირები. ოპოზიციამ სპეციალური შტაბი შექმნა. პარტია „ამცახარას“ წევრმა, რამაზ ჯოპუამ განაცხადა, რომ არ დაიშლებიან, სანამ ხაჯიმბა არ გადადგება და ახალი „საპრეზიდენტო არჩევნები“ არ გაიმართება. ოპოზიციური ძალების ლიდერმა, ასლან ბჟანიამ დღეს, 10 იანვარს, ჟურნალისტებს უთხრა, თუ საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ, თავდაცვისთვის საჭირო ზომებს მიიღებენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.
დღეს აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას საჩივრის განხილვა დაიწყო. კვიცინია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაუქმებას მოითხოვს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სექტემბერში გაიმართა და მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციონერი კანდიდატი მცირედი უპირატესობით დაამარცხა. ხაჯიმბამ ხმების 47.39% მიიღო, კვიცინიამ კი – 46.17%, თუმცა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.