ხალიდ ჰოსეინი: შვილმა გამიმხილა, რომ ტრანსგენდერი ქალია, მეც და მთელი ოჯახიც მის გვერდით ვიქნებით

პუბლიკა

ცნობილი ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალი ხალიდ ჰოსეინი პირად Facebook-გვერდზე წერს, რომ შვილმა მასთან ქამინგაუთი გააკეთა და უთხრა, რომ ტრანსგენდერი ქალია. როგორც ჰოსეინი წერს, შვილი ძალიან უყვარს, მისით ამაყობს და ჰარისს მთელი ოჯახი მხარს უჭერს.

„გუშინ ჩემმა ქალიშვილმა ჰარისმა გამიმხილა, რომ ტრანსგენდერია. მისი ამ მოგზაურობის შესახებ გასული წლიდან ვიცი, თვლას ვადევნებდი მისთვის ძალიან რთულ, პირადულ ეპიზოდებს. ტრანზიცია ძალიან რთულია – ემოციურად, ფიზიკურად, სოციალურად და ფსიქოლოგიურად, – თუმცა ჰარისი ამ ყველაფერს მოხდენილად, მოთმინებითა და სიბრძნით შეხვდა.

როგორც მამა, მისით ამაზე უფრო ამაყი არასოდეს ვყოფილვარ. მიხარია, რომ ახლა არა ერთი, არამედ ორი მშვენიერი ქალიშვილის მამა ვარ. ყველაზე მეტად კი, შთაგონებული ვარ ჰარისის უშიშრობით, მისი სიმამაცით – გაუზიაროს მსოფლიოს თავისი ნამდვილი მე. მეც და ჩემს ოჯახსაც ძალიან ბევრი რამ გვასწავლა სიმამაცეზე, სიმართლეზე. იმაზე, თუ რას ნიშნავს თვითმყოფადი ცხოვრება. ვიცი, რომ ეს პროცესი მისთვის მტკივნეული იყო, მწუხარებითა და შფოთვით სავსე. მან იცის იმ სისასტიკის შესახებ, რომლის მსხვერპლიც ტრანსი ადამიანები ყოველდღიურად ხდებიან, თუმცა ძლიერი და შეუპოვარია.

მიყვარს ჩემი ქალიშვილი. მეც და მთელი ოჯახიც მის გვერდით ვიქნები ყოველ ნაბიჯზე. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. პრივილეგიაა, უყურო როგორ შეაბიჯა თავის სამყაროში, როგორც ლამაზმა, ბრძენმა და ბრწყინვალე ქალმა. ღმერთმა დალოცოს“, – წერს ჰოსეინი.


ხალიდ ჰოსეინი დაიბადა ქაბულში 1965 წელს, განათლებით ექიმია.

ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ 14 წლის ხალიდ ჰოსეინიმ ოჯახთან ერთად თავშესაფარი ითხოვა ამერიკაში. ამჟამად იგი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ცხოვრობს და ლტოლვილთა საკითხებში გაერთიანებული ერების უმაღლესი კომისრის კეთილი ნების ელჩია, ასევე, ხალიდ ჰოსეინის საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი. ორგანიზაცია ავღანელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
1999 წელს ხალიდ ჰოსეინიმ 25-გვერდიანი ნოველა დაწერა ფრანით მორბენალ ორ ბიჭზე, თუმცა ჟურნალებმა „Esquire“ და „The New Yorker“ ნოველა არ დაუბეჭდეს. 2001 წელს ავტოფარეხში ნაპოვნ ხელნაწერს მეგობრის რჩევით კვლავ მიუბრუნდა. რომანი „ფრანით მორბენალი“ 2003 წელს გამოსცა  „Riverhead Books“-მა და მალე მსოფლიო ბესტსელერად იქცა.
დღეისათვის ხალიდ ჰოსეინი მსოფლიოში განთქმული და აღიარებული რომანისტია. ავტორია რომანებისა „ფრანით მორბენალი“ და „ათასი მოელვარე მზე“, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ათ მილიონზე მეტი, მსოფლიოს სამოცდაათზე მეტ ქვეყანაში კი – ოცდათვრამეტმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მისი მესამე რომანი „მთებმა მთებს უთხრეს“ კი – 2013 წლის 21 მაისს გამოიცა და გამოცემიდან ხუთ თვეში სამ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.