ხალხის ძალა: ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს დასავლელი პოლიტიკოსების ქვეყანაში შემოშვებაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასული პარტია „ხალხის ძალა” აცხდებს, რომ ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს დასავლელი პოლიტიკოსების საქართველოში შემოშვების საკითხზე.

საქართველოში დღეს ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია), ასევე – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი. ხელისუფლებამ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.

საქართველოში შემოსვლა დაანონსებული აქვს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენს.

სოზარ სუბარმა თქვა, რომ „მათ მიერ ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მათი სტუმრობის მიზანი ქვეყნის „დასავლური კურსის“ მხარდაჭერაა, რეალურად კი, ეს ადამიანები მხარს ენმ-ს უჭერენ და მიზნად „პროცესების რადიკალიზაციას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ისახავენ”.

ამის გამო, პრორუსული პარტია მიიჩნევს, რომ „საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან”.

„უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას”. – თქვა სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებას“ ფორმალურად 2022 წლის ივნისში გამოეყო მიზნით – „ილაპარაკოს ის, რასაც მმართველი პარტია საჯაროდ ვერ ამბობს”. „ხალხის ძალა” საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.