„ხალხის ძალა“ ხელოვნურ ოპოზიციას ქმნის

პუბლიკა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს, 13 დეკემბერს თქვა, რომ გადაწყვიტეს, უმრავლესობა დატოვონ და „სათავე დაუდონ“ საქართველოში „ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას“.

„საქართველოში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს ის როლი, რასაც ჰქვია ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას, წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას, მაგრამ ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიამ „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, რომ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოშიო ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „ხალხის ძალა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სიაში იყო. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა „ოცნებას” ფორმალურად 2022 წლის ზაფხულში გამოეყვნენ. მათ უნდა ეთქვათ „იმაზე მეტი, იმაზე მეტად, რასაც და, როგორც „ქართული ოცნება” „ვერ იტყოდა“ ევროკავშირზე, ევროპარლამენტარებზე, ამერიკაზე, ელჩებზე და ა.შ“. ამას შემდეგ მათ არაერთი ღია წერილი გამოაქვეყნეს და დაიწყეს თავდასხმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე – აშშ-ზე.

წინა მოწვევის პარლამენტში „ხალხის ძალა“ უმრავლესობის ნაწილი იყო – სხდომათა დარბაზში ადგილებს ოპოზიციის მხარეს იკავებდნენ, თუმცა, ხელისუფლების ოპოზიციაში არ დგანან.