საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არდაშვებაა.სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში. ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“,- აღნიშნულია განცხადებაში.
27 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკას ბიჭვინთაში შეხვდა. ლუკაშენოკომ აფხაზეთში ჩასვლით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაარღვია. ვიზიტის შემდეგ, ბელარუსის ელჩი პროტესტით ნიშნად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.