ვიდეო | „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა და POSTV-ის 52%-იანი წილის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს პლენარულ სხდომაზე მიკროფონი ჩაარტყა.

სხდომაზე დამსწრე მედიის წარმომადგენლების ცნობით, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის დაპირისპირება სოზარ სუბარისა და ტარიელ ნაკაიძის დიალოგით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები  მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს „აგენტს“ ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.

მოგვიანებით „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამ შემთხვევის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  უსიამოვნო ინციდენტი იყო, მაგრამ ოპონენტები „ისეთ რამეს კადრულობენ, რაც მძიმე ასატანი და მოსათმენია“.

„გაუადვილდათ ჩვენს ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი. ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას [სხვას], რაც, განსაკუთრებით, ქართველი ადამიანისთვის, ქართველი კაცისთვის, არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი“, – განაცხადა მდინარაძემ.