ხალხის გამოგზავნა, თხოვნა, რომ არ დაგვაჯარიმოთ, არ გამოვა, მეგობრებო – კალაძე სამშენებლო კომპანიებს

პუბლიკა

თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ქუჩების რეაბილიტაციისას უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, რაზეც, მისივე თქმით, დედაქალაქის მერია თვალს ვერ დახუჭავს.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები რაც არის, შეასრულეთ. ჩვენ სხვას არაფერს გთხოვთ. ჩვენ გვინდა, რომ ხარისხობრივად მაღალ დონეზე იყოს შესრულებული და დროულად მორჩეს სამუშაოები, რომლებიც ზოგადად, დისკომფორტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა, თხოვნები რომ არ დაგვაჯარიმოთ, იქნებ რაღაც დაგვეხმაროთ, ეს არ გამოვა, მეგობრებო“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა განმარტა, რომ გლდანში ბოჭორიშვილისა და ხარაძის ქუჩების რეაბილიტაციის გახანგრძლივება უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც მერიამ სამშენებლო კომპანიას თავისი ხარჯით ზიანის გამოსწორება დააკისრა.

„ჩვენ არ ვაპირებთ, თავი დავუხაროთ ასეთ გადაცდომებს და ასეთ უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. შესაბამისად, ამ კონკრეტულ კომპანიას თავისვე ხარჯით მოუწევს ორივე ქუჩის მოწესრიგება“, – განაცხადა კალაძემ.