ხალხმა დაგვაკისრა სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცის დაცვის პასუხისმგებლობა - კალაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეების თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმართა. მისი თქმით, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება“.

„ამ არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი – მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი.

სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.


„ქართული ოცნების“ ორგანიზებული აქცია ერთ საათს გაგრძელდა. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ირაკლი კობახიძემ, კახა კუჭავამ, თეა წულუკიანმა, ნინო ლაცაბიძემ და კახი კალაძემ. აქცია მიჰყავდა ირაკლი ჩიქოვანს. ღონისძიების ბოლოს შესრულდა „ჩემი საქართველო აქ არის“ ახალი ვერსია. „ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ანსამბლი „ბასიანი“, „ქართული ხმები“, „თეატრალურის კვარტეტი“, „ალილო“, სამების საკათედრო  ტაძრის გუნდი და „შვიდკაცა“.