„ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის ჩვენ შორის მართალი“ – რა თქვა პროცესზე სააკაშვილმა

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილმა თქვა, რომ უდანაშაულოა და „საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი“.

„სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებენ ამ ვითარებაში, არაფერი ისეთი მე არ გამიკეთებია, დანაშაული არ ჩამიდენია. საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. ჩემს სულს ვერაფერს დააკლებთ. პუტინისა და ოლიგარქის შურისძიებაა ეს. ჩვენ გამარჯვებულები გამოვალთ ამ სიტუაციიდან. მაგრად დადექით და დამთავრდება გამარჯვებით, ამაში დარწმუნებული ვარ. არ შეგვეშინდეს. „ვარდების რევოლუციის“ დროს არ შემეშინდა, არც 2008 წელს შემშინებია, როცა ყველა მეუბნებოდა, რომ დამეტოვებინა საქართველო. იმით, რომ დავრჩი თბილისში, გადავარჩინე საქართველო. 2021 წელს დავბრუნდი თქვენი ე.წ. სასამართლოს პირობებშიც კი. ჩვენ უნდა დავირაზმოთ, შევიკრათ. ერთიანობა, ერთად დგომა დაგვჭირდება“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც მან პროცესზე თქვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების, წონის კლების მიუხედავად, „სულისკვეთებით ძალიან მხნედ არის“.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს „ვივამედიდან“ პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა. ის  ამბობს, რომ პაპუაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს მას პირადად და, ასევე, ბოდიში უნდა მოუხადოს ევროპარლამენტარებს.

„თურმე, ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს, რომ ითხოვს ჩემს გათავისუფლებას. მინდა, ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯომარეს, რომ თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. ბოდიში უნდა მოიხადოთ თქვენ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემ წინაშე, უკრაინის წინაშე, ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაში ჩააგდეს“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე.

სააკაშვილმა დღევანდელი პროცესიდან „ღია დებატებიც“ მოითხოვა.

„რატომ გეშინიათ, რომ ღიად ვილაპარაკოთ? ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ მე. აქედან კი ნუ მალაპარაკებთ, თუ გინდათ,  რკინის … დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ, მაგრამ ღიად… რატომ გეშინიათ იმის, რომ სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში? ხალხმა გადაწყვიტოს, ჩვენი გზა იყო სწორი, თუ თქვენი გზა არის სწორი? ღია დებატებში შევიდეთ, ღია კამათში. თუნდაც თქვენი ტრიბუნის ქვეშ”, – თქვა სააკაშვილმა პროცესზე.

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი – 7 ნოემბრის საქმეზე – 26 ივლისს ჩაინიშნა.


მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.