ხანდაზმულები საკუთარი პენსიის 50%-ს კვლავ საპენსიო სესხის დასაფარად იხდიან | ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების შესახებ საპარლამენტო ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო დაბერებადი სახელმწიფოა – ხანდაზმული მოსახლეობის პროცენტული წილი ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება. 2020 წლისთვის 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელი მოსახლეობის 15.1%-ს შეადგენს, ხოლო 2030 წლისთვის 21%-მდე გაიზრდება.

ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე დისკუსიებისა, საქართველოში ხანდაზმულ პირთა შესახებ სახელმწიფოს პოლიტიკური დოკუმენტის – დაბერების საკითხზე სახელმწიფოს პოლიტიკის კონცეფციის ახალი სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ შემუშავებულა.

ომბუდსმენი ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის არარსებობა.

ასევე, კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხანდაზმულ პირთა პენსიებზე მაღალი პროცენტით გაცემული სესხების შედეგად პენსიის 50%-ზე მეტი თანხის დაკავება, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს პენსიონერთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. დადგინდა, რომ, ამ მხრივ, პენსიის დაკავების რაიმე რეგულაცია/შეზღუდვა არ მოქმედებს.

„საქართველოში ხანდაზმულები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და სიღარიბის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. ისინი ხშირად დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებასა და პენსიაზე, ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.

მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში დარეგისტრირებული მოსახლეობის 25%-ზე მეტი ხანდაზმული პირია“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მარტოხელა, სოციალურად დაუცველ და მზრუნველობაზე დამოკიდებულ ხანდაზმულ პირებს. საქართველოში 41 995 მარტოხელა, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ხანდაზმული პირია.

ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა

ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღრიცხავს.

სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში წლებია მიუთითებს, რომ სამინისტრო 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის ერთიან სტატისტიკას აწარმოებს, რაც, ბუნებრივია, ვერ ასახავს უშუალოდ ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ზუსტ მონაცემებს.

ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკის ანალიზის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების ზრდა (45+ ასაკის პირების მიმართ) შეინიშნება.

ომბუდსმენი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით, სქესის მიხედვით, დაიწყოს 65-80 და 80 და ზევით ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების წარმოება.

ვრცლად საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს გაეცანით ბმულზე.