ხანძრის 7 კერიდან 3 ლოკალიზებულია | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს.

მათი ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს ტყისა და მინდვის ხანძრის 7 კერაზე.

„არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში.

შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.  სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში. 2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მათ შორის, ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში.

ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია, ასევე, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, “- ამბობენ სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე, “- ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.