„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ზელემხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე Bellingcat-ზე გამოქვეყნებული გამოძიება ადასტურებს, რომ მის მკვლელობაში მონაწილეობდა რუსეთის უშიშროების სამსახურების ერთდროულად რამდენიმე ქვედანაყოფი. კანდელაკი ხანგოშვილზე თბილისში მომხდარ თავდასხმასაც იხსენებს.
„2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილზე, საქართველოს პატრიოტზე თბილისის ცენტრში განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რა დროსაც მას ესროლეს 8 ტყვია. ამ თავდასხმის შემდეგ ჩატარდა არაერთი ავტორიტეტული კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ სახლემწიფომ, „ქართული ოცნების” მთავრობამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და დამალა ზელიმხან ხანგოშვილზე შეიარაღებული თავდასხმის დეტალები, მაგალითად ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ წაიშალა ირგვლივ მდებარე… მრავალი კამერის ჩანაწერი და ფაქტიურად დემონსტრაციულად არ გამოიძია ამჟამინდელმა მთავრობამ ხანგოშვილზე თავდასხმა, რის გამოც იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა კანდელაკმა.
კანდელაკის განცხადებით ხანგოშვილის მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. მისი თქმით, ამის პარალერულად აღმაშფოთებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დუმილი ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე, რადგან კანდელაკის თქმით, ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქის მკვლელობის გამო მწუხარებაც კი არ გამოუთქვამს.
„ჩვენ გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე ასეთი სამარცხვინო, თავისმომჭრელი და უღირსი საქციელი შეწყვიტოს“,- აცხადებს კანდელაკი.
ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს გერმანიაში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილი მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში და ამის გამო იძებნებოდა რუსეთის პოლიციის მიერ. მისი ვინაობა ცნობილი გახდა 2012 წლის აგვისტოში ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ. სწორედ ხანგოშვილმა იკისრა მაშინ შუამავლობა შეიარაღებულ ჩეჩნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის.