ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები გაგრძელდება - წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე აღნიშნა, რომ არის საკმაოდ საგანგაშო პირველი ნიშნები იმისა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა თბილისში ვირუსის გადადების წყაროები გააჩინა, რომელთა მოძებნაც ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

„ის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც დაუდასტურდა ბოლო საათეებში კორონავირუსი პირველი, რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ისინი არიან აბსოლუტურად სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები (25, 30, 70 წლის ასაკს ზევითაც) და არაერთი მათგანის შემთხვევაში, ვერ დგინდება ვინაობა ვისგან გადაედოთ ვირუსი“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის საგანგაშო და კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდა, რომ დავიცვათ ის ელემენტარული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წესები, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ.

„ჩვენს ნაწილში, იუსტიციის სამინისტროში, რა თქმა უნდა გაგრძელდება ზრუნვა იმისათვის, რომ საპატიმროებში არ იქნეს შეტანილი ვირუსი, თუმცა ამ ეტაპზე მინდა დავამშვიდო პატიმრებიც და მათი ოჯახებიც, რომ ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები გაგრძელდება და არ იგეგმება რომ შეწყდეს. მაგრამ, ჩვენ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ პენიტენციური სამსახური გამოიჩენს ამის მიღმა სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა“, – ამბობს წულუკიანი.

როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, დანარჩენი სისტემის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურის წარმომადგენლები, სავარაუდოდ სექტემბრამდე გააგრძელებენ, სახლიდან მუშაობას (როგორც აქამდე იყვნენ) გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათი სამსახურში გამოცხადება არის მკაცრად აუცილებელი.

„ამით ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ მაგალითი ასევე კერძო სტრუქტურებს იმისათვის, რომ სხვადასხვა თანამშრომელი სამსახურში არ იქნეს გამოძახებული, მიუხედავად იმისა მისი მოსვლა არის თუ არა მნიშვნელოვანი კომპანიის ფუნქციონირებისათვის“, – ამბობს მინისტრი.

„კარგი ამინდია, ზაფხული დადგა ყველას გვინდა, რომ სკოლის დასრულებისთანავე ოჯახებმა დაისვენონ. დასვენება კარგია, მაგრამ დასვენებისას ყველამ უნდა დაიცვას წესები იმისთვის, რომ არ დავაავადდეთ იმ კოვიდვირუსით, რომლის შესაძლო, მეორე ტალღაზე მიგვითითებენ ხოლმე ჩვენი ეპიდემიოლოგები“, – აღნიშნა წულუკიანმა.