გამოცემა „ალ არაბიას“ რეპორტიორის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე მუშაობს, დღეს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. დედაქალაქის ხანქენდის/სტეფანაკერტის დაბომბვა განაახლა.
იმავე ინფორმაციას ავრცელებს, ადგილობრივი უფლებადამცველი. არტაკ ბეგლარიანის თქმით, ქალაქს რაკეტებითა და კამიკაძე დრონებით ბომბავენ. ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. თუმცა, ადგილობრივი უფლებადამცველის მტკიცებით, სტეფანაკერტში სამოქალაქო ობიექტები იბომბება.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. დედაქალაქის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა გუშინაც. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს ქალაქის დაბომბვისას კასეტური ბომბების გამოყენებაშიც ადანაშაულებს, რასაც ბაქოში უარყოფენ.
სააგენტო „ფრანსპრესის“ ინფორმაციით, კონფლიქტის განახლების შემდეგ საცხოვრებელი უკვე დატოვა რეგიონის მოსახლეობის ნახევარმა.
დღეს აქტიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა ყარაბაღის რეგიონის სამხრეთ და ჩრდილოეთის მიმართულებითაც. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ფოტომასალა, რომელზეც ჩანს, როგორ ბომბავენ აზერბაიჯანულ სამხედრო კოლონას, მათი თქმით, ყარაბაღის სამხრეთით, ჯაბრაილის დასახლებასთან ახლოს. სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ წამოიწყეს კონტრშეტევა ჩრდილოეთის მიმართულებითაც და გარკვეული პოზიციები აიღეს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე მათ მოახერხეს წინ წაწევა და ახალი პოზიციების დაკავება. უწყება უპილოტო საფრენი აპარატის სომხურ ჯავშანტექნიკაზე თავდასხმის ახალ კადრებსაც ავრცელებს.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი მე-11 დღეა მიმდინარეობს. კონფლიქტში ჩართულია არტილერია და მძიმე ტექნიკა. აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, სომხეთმა კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტაქტიკური დანიშნულების სისტემებიდანაც მიიტანა სარეკეტო იერიში. ჯერჯერობით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ გამართულა.
აზერბაიჯანულ და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოზიციებს შორის ორმხრივი სროლა პირველად 27 სექტემბერს დილით დაიწყო. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
ამ დრომდე დაუდგენელია მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მათ მხარეს 230-მდე სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანში თავიანთი სამხედროების მსხვერპლზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. სომხეთისა და ყარაბაღის ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ სამხედრო მოქმედებებისას რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ერევნის ცნობით, კონფლიქტის განახლების შემდეგ სომხეთსა და ყარაბაღის რეგიონში დაიღუპა 19 სამოქალაქო პირი. ხოლო ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანული დასახლებების დაბომბვას გასული კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის 27 მოქალაქე შეეწირა.