ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ხიდარში 3 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი ადგილობრივია, რომელთაც საკრაულას ხეობაში ნახირი ყავდათ გაყვანილი.
მერიის ცნობით, მათგან ორის – ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა, ამჟამად კი მიმდინარეობს მესამე მათგანის, მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა.
„სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა. სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.
მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია.
უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელზე დაკვირვება მიმდინარეობს, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან.
ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.