ჩოხატაურში ქვის საამქროში მუშა დაშავდა და გარდაიცვალა | დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

ჩოხატაურში, ქვის საამქროში ერთი მუშა დაშავდა და გარდაიცვალა.

როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი მედიასთან აცხადებს, 33 წლის კაცი ცემენტის დანადგარში იყო ჩასული და ჩაქუჩით მუშაობდა, რა დროსაც დანადგარი ამუშავდა და მუშამ მძიმე დაზიანებები მიიღო. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე ცოცხალი იყო და ის მოგვიანებით, „მედალფაში“ გარდაიცვალა.

„გუშინ შემოიყვანეს 11 საათზე ტრავმით. დანადგარში მოუვიდა ტრავმა. იყო მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ძლიერი სისხლდენით, შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლისთვის“, – განაცხადა ექიმმა.

როგორც „პუბლიკას“ განუცხადეს, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს დროს უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.