სააკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში, ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვებზე, მედიასთან ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, პროცესის მართვასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა გახმაურებულ შემთხვევებს ერთეული უწოდა და აღნიშნა, რომ პრობლემები სისტემური ხასიათის არ არის.
„აქვე მინდა გამოვეხმაურო – იყო ბოლო დღეების განმავლობაში უკმაყოფილება ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ხარვეზები არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ისინი არ არის სისტემური და ყველა ასეთ ერთეულ შემთხვევაზე მაქსიმალურად ვცდილობთ დროულ რეაგირებას. გარკვეულწილად, ეს გამოწვეულია იმით, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად (რომელიც კიდევ გაიზრდება) არის ერთგვარი პანიკის ეფექტი. ამით არის ეს გამოწვეული. გარკვეულ შემთხვევებში კი ხარვეზებია პირველადი ჯანდაცვის სფეროში.
შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა.“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის რგოლსა და 112-თან დაკავშირების პრობლემების აღმოფხვრაზე მთავრობა მუშაობს.
ნათია მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს საკმარისი რესურსი აქვს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია.
შემთხვევების ზრდასთან ერთად სოციალურ ქსელში უფრო და უფრო მეტი პოსტი ჩნდება, სადაც მოქალაქეები 112-თან დაკავშირების სირთულეებზე წერენ. ასევე არის შემთხვევები, სადაც წერენ, რომ პრობლემაა ოჯახის ექიმთან დაკავშირებაც, რომელმაც ბინაზე მყოფ ინფიცირებულს უნდა გაუწიოს კონსულტაცია და მართოს შემთხვევები დისტანციურად.