ხარვეზები ნებართვის გაცემისა და სამართალწარმოების პროცესში | საია 4 ჰესზე შეფასებას აქვეყნებს

პუბლიკა

შუახევის ჰესი, „ხელედულა 3″, ნამახვანჰესი და ონის ჰესების კასკადი –  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საიას) მის წარმოებაში არსებულ 4 საქმეს მიმოიხილავს და იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომლებიც სამართალწარმოების პროცესში იკვეთება.

„პუბლიკა” ანგარიშიდან გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს, სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე;

„ბოლო წლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაერთი დიდი ჰესის მშენებლობის პროცესი დაანონსდა. ნაწილი მათგანი უკვე აშენდა, ზოგიერთის განხორციელება ახლო მომავალში იგეგმება. მსხვილი ჰიდროპროექტები განსაკუთრებულად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე, ცვლის მათ საცხოვრებელ პირობებს, მკვეთრ და გარდაუვალ გავლენას ახდენს გარემოზე. სამშენებლო პროექტების ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ ნებართვების გაცემის პროცესი ადგილობრივ მაცხოვრებელთა არასათანადო ჩართულობით, პროცედურული და შინაარსობრივი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის სამართლიან პროტესტს იწვევს…

მსხვილი ჰიდროპროექტების მშენებლობასთან დაკავშირებული საქმეების ანალიზმა გამოავლინა მნიშვნელოვანი ხარვეზები როგორც ნებართვების გაცემის პროცესში, ისე სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე.

როგორც წესი, მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები დაინტერესებული საზოგადოების სათანადო ჩართულობის გარეშე განიხილება:

► განხილვისას დაინტერესებულ პირებს არ ეძლევათ კითხვების დასმის შესაძლებლობა ან/და პროექტთან დაკავშირებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვები პასუხისმგებელი უწყების (სამინისტროს) მხრიდან უპასუხოდ რჩება.

► რიგ შემთხვევაში საჯარო განხილვა ტარდება არა დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს არსებული ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე (როგორც ამას კოდექსი მოითხოვს), არამედ ადმინისტრაციულ ცენტრში, საქმიანობის განხორციელების ადგილიდან მოშორებით. განხილვების ამგვარი დაგეგმვა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას უზღუდავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა აუფასურებს საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისით „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილ პროგრესულ მიდგომებს და მათ მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას სძენს.

► გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს გასცემს ისე, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ ასახავს მნიშვნელოვან კვლევებს (მაგალითად ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ბიომრავალფეროვნების და ა.შ.) და მათი წარდგენა გადავადებულია მშენებლობის დაწყებამდე. სამინისტროს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. გადაწყვეტილების მიღებისას არ ფასდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათი და მოცულობა, ასევე, არ ხდება რისკის პრევენციისა და გავლენის შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა.

► სასამართლოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული დავები საპროცესო ნორმების დარღვევით, ხანგრძლივი დროით განიხილება. გაჭიანურებული განხილვა არაეფექტიანს ხდის სამართალწარმოების პროცესს. ამასთან, როგორც წესი, სასამართლო არ აკმაყოფილებს მნიშვნელოვან შუამდგომლობებს, რაც იწვევს საქმის ფორმალურ განხილვას, არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის გარეშე”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.