ხარვეზი ISFED-ის PVT-ში | ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და რატომ დატოვა თანამდებობა ნიჟარაძემ

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“(ISFED) საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის ხარვეზსა და აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„ადამიანური შეცდომა ხმების პარალელურ დათვლაში“

ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარე თამარ სართანია ამბობს, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგების შემდეგ სამი სუბიექტის: „ოცნების“, „ენმ – ძალა ერთობაშიას“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემთხვევაში დაფიქსირდა სხვაობა და ასცდა ეს სხვაობა ცდომილების ზღვარს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებსა და ცესკოს მონაცემებს შორის.

მისი თქმით, ამის შემდეგ ორგანიზაციამ დაიწყო შიდა აუდიტი, რა დროსაც გამოვლინდა PVT-ის ფორმულაში ხარვეზი – ნამდვილ ხმებთან ერთად მითვლილი იყო ბათილი ბიულეტენები.

„გამგეობამ გადაწყვიტა, მოეკვლია და ორ მთავარ კითხვაზე გაეცა პასუხი: რა გახდა ცდომილების მიზეზი PVT-იში და ვისი პასუხისმგებლობა იყო ამის თავიდან არიდება; როდის გახდა ISFED-ისთვის ცნობილი ამის შესახებ“, – განაცხადა თამარ სართანიამ.

მან განმარტა, რომ PVT-ის მეთოდოლოგია საქართველოში გამოიყენება 2003 წლიდან; ბოლოს გამოიყენეს 2016 წელს. მისი თქმით, კითხვა გაჩნდა, როგორ მოხდა, რომ 2016 წელს სწორად დათვალა ფორმულამ, 2020 წელს კი ხარვეზი გამოვლინდა?

სართანია აცხადებს, რომ 2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა არ ეყრდნობა 2016 წლისას, რადგან ეს მეთოდოლოგია სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება და ყოველწლიურად იხვეწება.

„ყოველი შემდეგი PVT ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულს, არამედ, ყველაზე ბოლოს სად იყო ეს PVT გამოყენებული“, – თქვა მან.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ პროგრამული უზრუნველყოფა ამის გამო დააფუძნა ისეთი ქვეყნის მაგალითზე (სერბეთზე, 2020 წლის ივნისში იყო არჩევნები), სადაც ბათილი ბიულეტენებიც ითვლება ნამდვილ ხმებთან ერთად.

თამარ სართანიას თქმით, კომისიამ მოიკვლია, რომ ISFED-მა PVT NDI-ის ექსპერტებთან ერთად გააკეთა.

„კომისიამ აღმოაჩინა, რომ იყო შემდეგი ხარვეზი: მაშინ, როცა ლოგიკური ამოცანების ნუსხა მიაწოდა NDI-ის ექსპერტებს, თუმცა წერილობით არ იყო მიწოდებული, როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა (არ ითვლება ბათილი ბიულეტენები).

დამოუკიდებლად კომისიამ იმის დადგენა, ეს ზეპირად განიხილეს თუ არ განიხილეს, ვერ შეძლო უტყუარად, მაგრამ სწორედ აქ დავინახეთ ISFED-ის პასუხისმგებლობის ნაწილი – ISFED-მა NDI-ის არ მიაწოდა ფორმულა, თავის მხრივ, NDI-იმაც არ იკითხა ამის შესახებ“, – განაცხადა სართანიამ.

მისი თქმით, ISFED არჩევნების წინა დღეებში ტესტავს PVT-ის სოფთს, თუმცა ამ პროცესში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცესი არ ითვლება, ამიტომ ვერ გამოვლნდა ეს შეცდომა.

„კომისიამ დაასკვნა, რომ ნამდვილად ადამიანური შეცდომა იყო ამ ფორმულაში არსებული შეცდომა და ამაზე თანაბრად მიუძღვით როგორც ISFED-ს ასევე NDI-ის ექსპერტებს“, – ამბობს ის.

კომისიამ უარყო, დაშინების, ზეწოლის, მუქარის სავარაუდო ფაქტებიც.

„დაგვიანებული კომუნიკაცია საზოგადოებასთან“

„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ ელენე ნიჟარაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ისაუბრა.

პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლის(PVT) შედეგებში ხარვეზი ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინა, თუმცა საზოგადოებას ეს ინფორმაცია დაგვიანებით [11 დეკემბერს] მიაწოდეს, რამაც სხვადასხვა აზრი გააჩინა ორგანიზაციის მუშაობის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ამან კი ISFED-ს რეპუტაციული ზიანი მიაყენა. პატარაიას თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა ნიჟარაძემ აიღო.

„ISFED უკვე ატარებდა შიდა აუდიტს, როდესაც ეუთოს ექსპერტმა დაურეკა აღმასრულებელ დირექტორს და ჰკითხა, ფორმულაში ხომ არ იყო მითვლილი ბათილი ბიულეტენები, ვინაიდან, როდესაც მონაცემის ანალიზს აკეთებდა ეს საერთაშორისო ექსპერტი, გაუჩნდა ეჭვი, რომ ცდომილება ამით შეიძლება ყოფილიყო განპირობებული“, – ამბობს პატარაია.

მისი თქმით, ამის შემდეგ (ნოემბრის შუა რიცხვებში) დაიწყო გადამოწმება და აღმოჩნდა ფორმულაში ხარვეზი. პატარაიას თქმით, ორგანიზაცია დაინტერესდა, ხომ არ იქონია ამან გავლენა სხვა მონაცემებზე.

„ნოემბრის ბოლოს მას ჰქონდა სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხარვეზი, პროგრამაში იყო ერთი, გავლენა არ ჰქონდა სხვა ტიპის მონაცემებზე და დაიწყო ფიქრი, როგორ მომხდარიყო კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით; თვითონ PVT-ის ჯგუფიც საუბრობდა, იყო შეხვედრები დონორ ორგანიზაციებთან;

ამ ინფორმაციას ISFED-ში ფლობდა აღმასრულებელი დირექტორი და მისი მოადგილე მხოლოდ; ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას, უფრო კი აღმასრულებელი დირექტორი, რა ფორმებით და როდის მიეწოდებინათ ინფორმაცია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მისი თქმით, მენეჯმენტმა გადაწყვიტა, მყისიერად არ ეცნობებინა ხარვეზის შესახებ საზოგადოებისთვის. ბაია პატარაიას თქმით, ნიჟარაძის მოსაზრება იყო შემდეგი:

„მენეჯმენტი აცნობიერებდა ცდომილების საზოგადოებისთვის გაცნობის აუცილებლობას, ისინი ხვდებოდნენ რომ აბსოლუტურად აუცილებელი იყო ეს, მაგრამ ისინი თვლიდნენ, რომ ვინაიდან ცდომილება იყო 1.7%, მათი აზრით, ეს გავლენას არ ახდენდა მანდატების განაწილებაზე, გადაწყვიტეს, აუდიტის დასრულებამდე გადაედოთ კომუნიკაცია და გადაემოწმებინათ ყველა სხვა მონაცემი“, – განაცხადა პატარიამ.

ბაია პატარაია ამბობს, რომ გამგეობამ ხარვეზის შესახებ 11 დეკემბერს გაიგო, საზოგადოებამდე რამდენიმე საათით ადრე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გააანალიზეს პოლიტიკური გარემო, მმართველი პარტიის განცხადებები და ა.შ., გამგეობამ მიიჩნია, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაგვიანებული იყო და ამის ახსნა აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან იყო არადამაჯერებელი.

„ISFED-ის გამგეობა მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ იყო ამ ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა დაუყოვნებლივ; მიიჩნევს, რომ რეალურად ამ ხარვეზის შესახებ ინფორმაციის დროულად არგამჟღავნებამ გამოიწვია ძალიან ბევრი ეჭვი, სპეკულაცია, მათ შორის, შეთქმულების თეორიების განვითარებაც კი, რამაც მიაყენა რეპუტაციული ზიანი მთლიანად ორგანიზაცია და კითხვები გააჩინა აღმასრულებელი დირექტორის მიმართ; სანდოობა PVT-ს, დადგა ეჭვის ქვეშ…

მიგვაჩნია, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება მენეჯმენტის მხრიდან, მიგვაჩნია, რომ ხარვეზი იყო ნადმვილად ადამიანური; გამოვიკვლიეთ, ყველას აზრი მოვისმინეთ, ყველას ხედვა, როგორ მოხდა და მიგვაჩნია, რომ ნამდვილად ადამიანური შეცდომა იყო, რომელზე პასუხისმგებლობა მთლიანად PVT-ის ექსპერტთა ჯგუფს ეკისრება და არა ერთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს…ვფიქრობთ, აღმასრულებელმა დირექტორმა სწორად ვერ შეაფასა ხარვეზის მნიშვნელობა და დაგვიანებული კომუნიკაციის შედეგები, რომელიც ISFED-ის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია;

კომუნიკაციაში დაშვებული შეცდომები და დაგვიანებული კომუნიკაცია არის ისეთი შეცდომა, რომელიც აყენებდა აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს უშუალოდ გამგეობისთვის“, – განაცხადა პატარაიამ.

მისი თქმით, ელენე ნიჟარაძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება კონსესუსის შედეგია გამგეობას, ISFED-ის გუნდსა და ნიჟარაძეს შორის.

საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ PVT-ში ხარვეზის შესახებ?

ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, საიდან იცოდა მმართველმა პარტიამ PVT-ის ხარვეზი იქამდე, სანამ ამას ორგანიზაცია იტყოდა და ხომ არ ჰქონდა ადგილი ფარულ მიყურადებას.

„არ ვიცით. ამაზე არის რამდენიმე ვარიანტი, ყველას აქვს თანაბრად არსებობის უფლება. ISFED-ს დამკვირვებლები ჰყავდა 1 000 უბანზე. „ქართულ ოცნებას“ დამკვირვებლები ყავდა ყველა უბანზე. „ოცნებამ“ მარტივად იცოდა, რომელ უბნებზე ყავდა ISFED-ს დამკვირვებლები, თუმცა მისთვის არ არის ცნობილი, ამ 1000-დან რომელი 850 უბანი მოხვდა PVT-ში.

ისეთი რესურსების პარტიას, როგორიც „ოცნებაა“, თავისუფლად შეეძლო, ჩამოეტვირთა 1000 ოქმი, დაეთვალა და მისულიყო დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდა;

ასევე არსებობის უფლება აქვს იმ ვერსიასაც, რომ იყო ფარული მიყურადება, მაგრამ მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არაფერი ამის საფუძველი არ მაქვს. ამ ქვეყანაში ვიცით რომ ფარული მოსმენები არსებობს და ამ ვერსიას ბორდი ვერ უარყოფ,ს არ არის ეს ჩვენი კომპეტენცია“, – განაცხადა სართანიამ.

რას ამბობს ელენე ნიჟარაძე?

„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, მისი გადადგომის შესახებ ორგანიზაციის ბორდს მოთხოვნა არ დაუყენებია, თუმცა გააცნეს საკუთარი შეფასება, რის შემდეგაც მან მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. ნიჟარაძემ ასევე განაცხადა, რომ ის ISFED-დან წასვლასაც გეგმავს.

„ეს საკითხი როდესაც დადგა და ბორდმა გამოაქვეყნა და ისაუბრეს ბორდის წარმომადგენლებმა იმის შესახებ, რომ ისინი ხედავენ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხს, რომ ამის კომუნიკაცია შესაბამისად შეიძლება არ მოხდა, აქ იყო ჩემი ცალსახა მიდგომა, რომ მე შემიძლია ეს გადაწყვეტილება მივიღო და გადავდგე თანამდებობიდან, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება მიღბული იქნა ჩემს [მიერ]… ესე არ დაყენებულა მოთხოვნის თვალსაზრისით, მათ [ბორდმა] უბრალოდ თავისი შეფასება გამაცნეს და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად არ არის ეს პრობლემა და შემიძლია გადავდგე თანამდებობიდან“, – განაცხადა მან.