„ხარვეზი სისტემაშია" — კონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ თეა წულუკიანს უპასუხა

პუბლიკა

„ხარვეზი სისტემაშია” — კონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ თეა წულუკიანს უპასუხა.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე აცხადებს, რომ „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულობა და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება”.

ნანა შარიქაძე თეა წულუკიანის 20 სექტემბრის განცხადებას ეხმიანება – კულტურის მინისტრმა თქვა, რომ კონსერვატორიის „ხელმძღვანელობაში ხარვეზია” და რეფორმაა საჭირო.

„განათლების ხარისხი აკადემიური პერსონალის გარეშე არ არსებობს. ამ პერსონალმა და მისმა მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს, სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს.

ამ ხარისხის გამოა, რომ აგერ უკვე 106 წლის მანძილზე ამ ქვეყნის კულტურის სავიზიტო ბარათს ვაწარმოებთ საერთაშორისო მასშტაბით.

ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იან წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია.

…სულ მაინტერესებდა რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?” – დაწერა კონსერვატორიის რექტორმა ფეისბუქზე.

ნანა შარიქაძე ამ თანამდებობაზე 2019 წელს, 4 წლის ვადით აირჩიეს. ის ერთ-ერთია, ვინც კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.

„მზარავს იმის გაფიქრებაც კი, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა. საშიშია ეს სურვილი იმ საზოგადოებაში, რომელსაც საბჭოთა ტრავმა და შიში ჯერ არ მოუნელებია. […] გასული საუკუნის 20 -30 წლებში ეს კატასტროფით დასრულდა ჩვენი ერისთვის და ამ შედეგს დღემდე ვიმკით“, – წერდა ის.