დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7-მა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა „ქართული ოცნება“ და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა. ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.
„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან „ქართული ოცნება“, ოცნების ხელისუფლება დაშორდა იმ პრინციპებსა და მიზნებს, რომლისთვისაც ჩვენ 2012 წელს ვიბრძოლეთ, ვტოვებთ უმრავლესობის რიგებს და ვაგრძელებთ ბრძოლას, არათუ ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვიცით რომ ჩვენს განცხადებას ბევრი ადამიანი ელოდება, მოგიწოდებთ შემოგვიერთდით ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის“, – განაცხადეს დღეს ბრიფინგზე ხაშურის საკრებულოს დეპუტატებმა.
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებისა და პარტიაში „საქართველოსთვის“ გადასვლის თაობაზე განაცხადეს: ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ვაჟა ხარშილაძემ; სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირინე გელაშვილმა; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა წიქარიშვილმა; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ტეფნაძემ; სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ, ანა ხარებავამ; ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ თავმჯდომარემ, ჯონდო კაპანაძემ და ფრაქცია „ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ემზარ მურჯიკნელმა.