ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ღამე პარლამენტთან რჩება

პუბლიკა

რუსთაველზე გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ პოლიციამ მათ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა.

„მშვიდობიანად ვაპირებდით, კარავი გაგვეშალა. ასე ქურდულად, ზონდერებივით შემოგვეპარა რამდენიმე პოლიციელი. კარავი წაიღეს. ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას. კარავიც გაიშლება. ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე ეს აქციები არ გაჩერდება“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სურთ ღამით პარლამენტთან დარჩენა.

„ეს არის პროტესტის ფორმა, რომლის უფლება მე მაქვს, როგორც მოქალაქეს, რომელსაც მოპარეს არჩევნები. მოვიდა პოლიცია, გვქონდა ერთი კარავი და მითხრეს, რომ არ გვქონდა უფლება, რომ კარავი გაგვეშალა. ვერავითარი არგუმენტაცია ვერ წარმოგვიდგინეს.

ჩემი პროტესტის ფორმაა, მე ამაღამ ვრჩები რუსთაველზე. ვისაც უნდა, დარჩება ჩემთან ერთად. გაიტაცებენ კარავს? არა უშავს, კიბეზე დავსხდებით. არ აქვს მნიშვნელობა, სამართალდამცველები რას გააკეთებენ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამ განცხადებიდან მალევე რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა ერთი კარავი გაშალეს. ისინი ამბობენ, რომ კიდევ რამდენიმე კარავს გაშლიან და მანამ დარჩებიან პარლამენტთან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.


ოპოზიციური პარტიების წევრებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს და პოლიციის კორდონის გარღვევაც შეძლეს, თუმცა, საბოლოოდ, სამართალდამცველებმა მათ ბიზნესცენტრთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაბრუნდნენ.

ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბების პირობებში ჩატარდა. მათი ნაწილის თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია კონსულტაციების შედეგად მიიღებს. ამასთან, ოპოზიციამ კვირას, 8 ნოემბერს თბილისში აქცია-მსვლელობა დაანონსა.

„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით კი, არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით გაიმართა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციის „დესტრუქციული ნაწილის“ დაანონსებული აქციების მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს. ის მოუწოდებს ოპოზიციას, პატივი სცენ მოქალაქეების გადაწყვეტილებასა და ცესკოს ოფიციალურ შედეგებს.