ხატია დეკანოიძე ასახელებს იზორიას ძმის საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე დაასახელა იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც, მისი თქმით, ლევან იზორიას ძმის, ვახო (კიტა) იზორიას მფარველობასა და დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ.

„ამ დანაშაულის დაფარვაში ჩართული იყო ყველა – მინისტრი, მინისტრის ორივე მოადგილე, გომელაური, რომელიც არის შინაგან საქმეთა მინისტრი ახლა. ამ დანაშაულის შესახებ იცის საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ. ამ პროცესში ჩართულები არიან მაღალჩინოსნები და უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც ლევან იზორიას ძმა გაუშვეს, გაათავისუფლეს, ლევან იზორიამ მას მისცა ოპერატიული საშვი ე.წ. „ნარუშილოვკა“, რომელიც საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლებს აღარ მისცემდა საშუალებას, შემდეგში დაეკავებინათ კიტა იზორია“, – აცხადებს დეკანოიძე.

ის ასახელებს იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულის დაფარვაში.

„ინციდენტის შემდეგ, როდესაც იზორიას ძმას აკავებს მაიორი გორგი დვალიშვილი, მიდის ოცმეთაური დავით შენგელია, რომელიც ამჟამად მუშაობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მაღალ თანამდებობაზე.  ასევე, შენგელია საქმის კურსში აყენებს სადღობელაშვილს, რომელიც მაშინ იყო ასმეთაური საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო ამჟამად მუშაობს მთაწმინდა-კრწანისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.  ინციდენტის დაფარვაში მონაწილეობდნენ სახაზოს უფროსი დავით მიქიაშვილი და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძე და ეს ადამიანები დღემდე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ასევე, ლევან იზორია ავალებს  მაშინდელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ცინარიძეს და მის მოადგილეს ბარელაძეს, რომ დაფარონ დანაშაული, მივიდნენ ადგილზე, გაეცნონ ადგილზე სიტუაციას და გაათავისუფლონ კიტა იზორია, ასევე, აიძულონ პოლიციელები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იცავნდნენ კანონს, რომ ბოდიში მოუხადონ იმ ადამიანს, რომელიც მათ რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.

ამის შემდეგ, 2019 წელს, ბუხრაძემ, რომელიც არის იმ სიაში, ადამიანის უფლებების დამრღვევთა სიაში, რომელიც შეადგინა ოპოზიციამ…  ბუხრაძე იბარებს დვალიშვილს და სთხოვს, რომ გადასცეს ის კადრები, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა.  ანუ ამ ვიდეოკადრების შესახებ იცოდა, პრაქტიკულად, ყველა მაღალი თანამდებობის პირმა  და ბუხრაძე სთხოვს, რომ არაფორმალურად გადაუგზავნოს კადრები, რაც ასევე არის სისხლის სამართლის დანაშაული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე.

გუშინ „მთავარ არხზე“ გავრცელდა ვიდეოკადრები,  რომელზეც, მათი თქმით, ჩანს, როგორ მფარველობს ხელისუფლება მაღალი თანამდებობის პირის კანონდამრღვევ ოჯახის წევრს. სიუჟეტის მიხედვით, აღნიშნული კადრები მათ პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ფაქტის შემდეგ მასზე ხელმძღვანელობისგან ზეწოლა დაიწყო.

„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ექნება თუ არა რეაგირება უწყებას გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით. პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.