ხატია დეკანოიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნდა

პუბლიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

„დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ყრილობამ ამირჩია ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ. დღეიდან, ხატია იქნება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ხატია დეკანოიძეა ისევ იქნება „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ამ დიდი ერთობის რიგებში“,- განაცხადა ნაყოფიამ.

ხატია დეკანოიძის თქმით, პირველ რიგში, თავის ფუნქციას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს. მისივე განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს და ნებისმიერი „ეგოცენტრულობა და პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი“.

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კონსულტაციები იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობასთან, ყველა იმ ადამიანთან, რომლებსაც მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ…

მე ვხედავ ჩემს ფუნქციას, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას, ბრძოლას იმაში, რომ ყველა იყოს ერთიანი, მეტ-ნაკლებად, ის ადამიანები, ვისაც ვიცნობთ კარგად, მაგრამ შეიძლება არ ვეთანხმებით. ამიტომ დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში.

დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს. მინდა, კობას და ჩემს მეგობრებს დიდი მადლობა ვუთხრა. თინას (ბოკუჩავა) ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ, ძალიან დიდი მხარდაჭერით მის მიმართ ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ნებისმიერი ბრძოლისთვის მზადაა. ჩემი პირადი კეთილდღეობა არ ნიშნავს არაფერს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს. ნებისმიერი ეგოცენტრულობა და პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.