ხათუნა ლაგაზიძე საზმაუს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას აპირებს

პუბლიკა

პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადება შეიტანა.  ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში.

ხათუნა ლაგაზიძე განმარტავს რატო მიიღო ეს გადაწყვეტილება. როგორც ის წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას.

„იმ დროს, როცა საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში; ტოტალური ფეიკნიუსების პირობებში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აიღოს თავზე საზოგადოების ფართო მასების განათლების პრობლემა: როგორ იყვნენ შეიარაღებულები და დაცულები ყალბი ინფორმაციული ნაკადებისგან. საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია თანამედროვე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეპოქაში მომავალი თაობისთვის წარმატების საჭირო უნარების და სწორი ორიენტირების დასახვაა.

მე წაუგებელ ბრძოლაში შევდივარ: თუ სამეურვეო საბჭო ამირჩევს, მექნება საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებელი გადავაქციო საქართველოს საინფორმაციო სივრცის, საქართველოს საზოგადოების ყალბი საინფორმაციო ნაკადებისგან დაცვის მთავარ პლატფორმად, რომელიც ხელს შეუწყობს მის ერთიან, პროგრესზე და აღმშენებლობაზე ორიენტირებულ სამოქალაქო საზოგადოებად ფორმირებას და დაუსახავს მას თანამედროვე, ინოვაციურ, ტექნოლოგიურ ეპოქაში წარმატებისთვის საჭირო უნარებსა და ორიენტირებს, “- წერს ხათუნა ლაგაზიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ  ეს არჩევნები ხელისუფლების ტესტია, რადგან თუ ხელისუფლების ზეწოლით საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად მისი ინტერესების გამტარებელი ჩინოვნიკი მოგვევლინა, საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე „ოცნება“ საკუთარ სახეს აჩვენებს როგორც მოსახლეობას, ასევე – საერთაშორისო საზოგადოებას.

„რადგან ამ ბრძოლაში შევდივარ, იმისთვისაც მზად ვარ, რომ ხელისუფლებამ უკადრებელიც იკადროს: ერთი წლის წინ, როცა თანამედროვე საქართველოში პროფესიონალიზმის ერთ-ერთმა ეტალონმა ქალბატონმა საზმაუს ბორდის წევრობაზე განცხადება შეიტანა, მის სტუდენტს ისეთი სასაცილო, რომ არა სატირალი ყალბი ბრალდებები ათითხნინეს, თავად მოიჭრეს თავი, თორემ ამ ქალბატონს არაფერი დაკლებია. ასე რომ, ჩემთვის და თქვენთვისაც სრულიად ნათელია, რომ ნებისმიერი კამპანია, რომელიც კონკურსის პერიოდში ჩემს წინააღმდეგ იქნება მართული, ხელისუფლების მიერ იქნება ორგანიზებული. და ამის მიუხედავად, ბრძოლა სჯობს უბრძოლველობას, რადგან ალტერნატივა რუსული გავლენების კიდევ უფრო გაფართოება და ჭაობია, “- ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე 2016 წელს  პარტია „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი იყო. მან პარტია ამავე წლის 9 სექტემბერს დატოვა.