მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს 0%-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს, ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.
„ეკონომიკა გაჩერებულია და ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობას, სამწუხაროდ, დღემდე არ წარმოუდგენია გამართული ანტიკრიზისული გეგმა და პანდემიისაგან მოყენებული ეკონომიკური ზარალის მიახლოებითი შეფასება მაინც.
უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები: რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი? რა ფინანსური ინექცია იქნება საჭირო ეკონომიკის ხელახლა ასამუშავებლად?
როგორ შევინარჩუნოთ ლარის კურსის სტაბილურობა? როგორ გადავარჩინოთ მცირე და საშუალო ზომის მეწარმეები გაკოტრებას? შესაბამისად, როგორ შევინარჩუნოთ მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები? რა ვუყოთ სოფლის მეურნეობას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემას? როგორ მოვახერხოთ ისე, რომ საგაზაფხულო ხვნა-თესვა არ ჩავარდეს?
ბანკებმა უნდა დაიწყონ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება იმ პირობით, რომ ისინი სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებენ თანამშრომლებს
უნდა ვივარაუდოთ, რომ პანდემიის კლება მოხდება უახლოეს ორ თვეში. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, მცირე და საშუალო ბიზნესს მივცეთ გადარჩენის და ხელახლა ამოქმედებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსი. თუ პანდემია გაგრძელდა, მაინც მოგვიწევს მკაცრი რეგულაციის პირობებში ბიზნესების გახსნა, ასე რომ, ორივე შემთხვევაში ჩვენი – „ლელოს“ მოდელი ერთადერთი სწორი გამოსავალია.
მოვუწოდებთ მთავრობას და ბანკებს, დროულად შეიმუშაონ შესაბამისი პროცედურა ამ გეგმის განსახორციელებლად“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.