„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არ აპირებს „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილმა ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კომისიამ „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.
ხაზარაძე წერს, რომ არ აღიარებს ამ პარლამენტს და არ მიიღებს ამ „ცირკში“ მონაწილეობას.
„დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან. მოწვევაც მივიღე – „სიგნალში“. მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ! ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი ნაციონალური მოძრაობის – ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს.
კარგად გამოკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული ნაცების მხარდაჭერაში. ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის „ნაცმოსამართლე“ და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ „ოცნების“ რიგებში.
ამ ე.წ პარლამენტს არ ვაღიარებ!
ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რისი მცდელობაც აგერ უკვე 5 წელი აქვთ.
სამწუხაროა, რომ „ოცნება“ ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს.
აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ. ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!
P.S “ოცნების” პროპაგანდისტი ხელისუფლება ბოლო 5 წელია ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენს წინააღმდეგ. სტარსბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში “ოცნების” მხრიდან ცილისწამებაზე. დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
სხდომა უკვე მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, განიხილავენ შპს „მაგნატის“ საქმეს. სხდომაზე მიწვეულნი არიან კომპანიის მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე და მისი ადვოკატი, ასევე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შექმნილი აქვს ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
„ოცნების“ განცხადებით, „კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა თუ წარდგინებებს“.
რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.