კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ სასამართლო სხდომა დღეს ჩაუნიშნეს. საქმე ეხება ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. ხაზარაძემ გუშინ დაწერა, რომ მზადაა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხონ.
მან მედიასთან პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პარლამენტს ლეგიტიმურად არ აღიარებენ, რის გამოც დატოვეს მანდატებიც, თუმცა „მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო“, მზად არიან სასამართლოში ნებისმიერ ბრალდება გაარჩიონ.
„სანამ შემოვიდოდი, მომივიდა ინფორმაცია უკვე სასამართლოდან, როგორც არასდროს ისე ოპერატიულად [მოქმედებენ], ნეტავ ასეთი ოპერატიულობით თუნდაც იმ ბატონის საქმე გამოეძიებინათ, რომელიც 14 წელია ეძებს სამართალს, ამ ხელისუფლების დროს, ბატონ ლეონიძეზე მაქვს საუბარი. იგივე მოსამართლეები, რომლებმაც მას მიუსაჯეს ამათ დაწინაურებული ჰყავთ. ჩვენ დღეს ჩაგვინიშნეს სასამართლო სხდომა. ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ ამ მიმართულებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვცხადდებით სასამართლოში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, გავარჩიოთ იქ“, – თქვა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ თქვა, რომ მას და ბადრი ჯაფარიძეს არასდროს მიუთვისებიათ სხვისი ქონება და ბიზნესი.
„ეს კამპანია, რომელიც დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია დოკუმენტურად, იმიტომ რომ ამ 14 წლის განმავლობაში, ისევე როგორც წინა 14 წლის განმავლობაში, ისევე როგორც მთელი ჩემი და ბადრის ბიზნესსაქმიანობის განმავლობაში, ჩვენ არც ერთხელ არ გვქონია პიროვნულად მიღებული საჩივარი ვინმეზე სასამართლო დონეზე, არ გვქონია არანაირი დავა პიროვნულად და ვინმეს არ ჰქონია არანაირი პრეტენზია ჩვენ გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით“, – თქვა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს როგორც რუსი „რეკეტიორი“, მან ჩაანაცვლა წინა ბიზნესზე თავდასხმები უფრო დახვეწილი, რუსული მეთოდებით, „ეს არის მოგუდვის და ვითომ დამეგობრების მეთოდი, მაგრამ სინამდვილეში კომპანიებში წილში ჩაჯდომის მეთოდი“.
ხაზარაძე ფიქრობს, რომ არსებობს ფორმალური საფუძველი, რომ დააკავონ, თუმცა მშვიდად უყურებს ამ პროცესს, „იმიტომ რომ თავისუფლების აღკვეთა, არ არის თავისუფლების წართმევა“.
„გეგმა რა არის?! გეგმა არის ბრძოლის გაგრძელება, პარტია გაიზრდება უფრო მეტად, დარწმუნებული ვარ, ირაკლი კუპრაძე არის არაჩვეულებრივი ლიდერი, ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი, ეს სამი ადამიანი იქნება გამწევი ძალა“, – თქვა ხაზარაძემ.