პარტია „ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას „ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა”.
ხაზარაძის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კომუნიკაცია.
ხაზარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ლელო” მორატორიუმს აცხადებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთთავდაუსხმელობისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება.
„დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, მშვიდად, მყარი ნერვებით პროტესტის გაგრძელება და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება. ამისათვის საჭიროა, რომ სასწრაფო წესით დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ამ პროცესს აპროტესტებდნენ. მთელი ჩვენი ძალისხმევა, მიმართული უნდა იყოს რუსული ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებისკენ და ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ.
ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია. ჩვენ, „ლელო“ მზად ვართ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ვაცხადებთ მორატორიუმს და მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ. ჩვენი დებატები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ „ოცნების” დემონტაჟს. ჩვენი საუბრები და კოორდინაცია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რუსული ხელისუფლების ძალაუფლებისგან ჩამოშორებას.
ამ წინააღმდეგობის ფრონტს უნდა ჰქონდეს ორგანიზებული, სტრუქტურირებული სამოქმედო გეგმა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმა.
„ლელო” მზად არის დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან, რომელიც მზად არის ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესის შესაქმნელად და ეს ამხელა ენერგია, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, არ გავფლანგოთ და მივმართოთ სწორად, რომ ჩვენმა შვილებმა არ გაიღვიძონ რუსეთის უკანა ეზოში.
ჩვენ მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ვესაუბროთ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ხელოვან ადამიანებს, სპორტსმენებს და ყველას ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ალტერნატიული ცენტრი, რათა გავარღვიოთ წლების განმავლობაში არსებული ორპოლუსიანი სივრცე და ეს რეალობა გადავტეხოთ. წარსული ვერასოდეს გაიმარჯვებს მომავალზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.