კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ დღეს წარმოდგენილი პირობების შესრულება შეუძლებელია.
გახარიამ დღეს წარმოადგინა 3 პირობა:
არჩევნებში მონაწილეობა ნეიტრალური პლატფორმით და ნომრით; გადაწყვეტილების მიღების პარიტეტული პრინციპი და კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ოცნებასთან”, ისე – „ენმ”-სთან.
მამუკა ხაზარაძე გახარიას განცხადების პასუხად ამბობს, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო” დღესაც მზად არის, ხელი მოაწეროს იმ შეთანხმებას, რომელსაც მათ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, 18 სექტემბერს მიაღწიეს და 9 პუნქტზე შეთანხმდნენ.
„შევთანხმდით, აგვეღო ბაზად #9; შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული მმართველობა, პარიტეტული, თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა სიაში – პირველი ნომერი დაგვეთმო ცნობილი არაპარტიული ადამიანისთვს, დასახელდა რამდენიმე სახელი; ასევე, კენჭისყრის და სხვა საკითხები”. – თქვა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, მათ 18 სექტემბერს პრეზიდენტის სასახლე დატოვეს იმ განწყობით, რომ 19 სექტემბერს სია უნდა შეემუშავებინათ და საზოგადიებისთვის წარედგინათ.
თუმცა, როგორც ხაზარაძე ამბობს, რომ „მაგიდა ლევან ცუცქირიძის ინტერვიუმ ააყირავა”.
საქმე ეხება ცუცქირიძის განცხადებას „ფორმულას” ეთერში, როცა მან თქვა, რომ „მნიშვნელოვანია როგორც წარსულის, ისე მომავლის ხედვა. მათ შორის, წარსულის ნაწილში, ადამიანის უფლებების და აქციების დაშლის კუთხით”.
„ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. თუ გვინდა, შევცვალოთ ხელისუფლება, გადავიდეთ ნამდვილ დემოკრატიულ მართვაზე, უნდა მივეჩვიოთ, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ.
აქვე მინდა სრული სერიოზულობით ვთქვა: ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძეც, ალეკო ელისაშვლიც, ლევან ცუცქირიძიეც პირისპირ შეხვდნენ პრეზიდენტს და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება არის ქვეყნისთვის საჭირო, შესაბამისად, მე ამ მანდატით ვსაუბრობდი ამ მოლაპარაკებაზე.
დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას, მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია.
ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად პარტიები, ჩვენი კოალიცია, ჩვენი გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას, რადგან მოგეხსენებათ, 30 დღის განმავლობაში შეუძლებელია რაიმე კანპანიის, რაიმე ნომრის, რაიმე სიის, რაიმე ტექნიკური საშუალებების მომზადება, განთავსება და ა.შ”. – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
დღეს გიორგი გახარიამ თქვა, რომ „[მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში – ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მე დამიცვა”.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მისი შეთავაზება იყო, რომ „ვინაიდან კონფლიქტური წარსულიდან მოდიან, ხომ არ ჯობია, არც ერთი არ ყოფილიყო სიაში”. თუმცა, შემდეგ შეთავაზება შეცვალა.
„მაგრამ გუშინ მივხვდი, რომ მან შეიძლება ჩათვალოს, რომ ვიღაცას უნდა ჩემი და მისი სიაში არჩაწერა. შესაბამისად, მან შეიძლება, ჩათვალა, რომ ვიღაცას უნდოდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება – ეს ასე არ არის. შესაბამისად, გუშინ ვუთხარი, რომ როგორც კომპრომისი, მზად ვარ, ეს პუნქტი შევცვალო და თუ მას სურვილი აქვს, რომ იყოს სიაში, იყოს სიაში და მეც მასთან ერთად”. – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეთანხმებაში იყო „რამდენიმე პრინციპული საკითხი: 20 ივნისის, ანაკლიის პორტის და წერილის”.
„ჩვენ ხელშეკრულება არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს ინდულგენციას აძლევს და იმ პუნქტში წერია, რომ საჯარო საკითხები უნდა იქნას გამოძიებული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში. ეს მეხება მე, გახარიას თუ ნებისმიერ მათგანს. ამას ის თავიდან დაეთანხმა.
ასევე, მნიშნელოვანი პუნქტი იყო, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს დასავლური ინვესტიციით და არა ჩინური ინვესტიციით. ეს არის გეოპოლიტიკური საკითხი”. – თქვა მან.
ხაზარაძის თქმით, ასევე შეთანხმდნენ, რომ ეს გაერთიანება არ შეუქმნის კოალიციას „ქართულ ოცნებას” და მთავრობას თავად შექმნის.
„სპეკულციაა, რომ ვიღაც „ქართულ ოცნებას” კოალიციას არ უკრავს, მაგრამ აქეთ – უკრავს – ამაში არ შევიდეთ”. – თქვა ხაზარაძემ.
მან გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება „სპეცოპერაციად და აქამდე აშენებულის დანგრევად” შეაფასა და გაიმეორა, რომ ისევ მზად არის, ხელი მოაწეროს პრეზიდენტთან მიღწეულ შეთანხმებას, ხოლო თუ ეს არ მოხდება, ხვალიდან საარჩევნო კამპანიას გააგრძელებს.