ხაზარაძე: გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა

პუბლიკა

გიორგი გახარიას პარტიისა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები, მეორე დღეა, უშედეგოდ სრულდება.

ცნობილია, რომ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაერთიანების შესახებ გუნდში კონსულტაციებს გადის.

დღეს, 18 სექტემბერს მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ მედიას უთხრა, რომ ხაზარაძემ თანაგუნდელებთან შეთანხმება ჯერ ვერ მოახერხა.

„მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ… მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით ამის შეთანხმება, ვნახოთ, დაველოდებით“, – განაცხადა გახარიამ. მისი თქმით, საკითხი არ შეეხება საარჩევნო სიებში ადგილებს.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კოალიციის წევრებთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯს არ გადადგამს.

„მათთან [კოალიციის წევრებთან] შეთანხმების გარეშე, მე დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადავდგამ. კოოპერაციაზე წინააღმდეგი არავინ არაა. ჩვენ ბატონ გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში, კოალიციაში შემოსულიყო თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად. დეტალებში ვერ შემოვალ, რადგან ეს ჩვენი პირადი მოლაპარაკებაა. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა. საუბარი გრძელდება. მინდა, მას კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადავუხადო. ეს მარტივი რაღაც არ არის. მინდა, იმას მივაღწიო, რომ არჩევნებამდე მოქალაქეებს ვაჩვენოთ, კოალიცია როგორ გამოიყურება. და ამ კოალიციაში ვის რა ზომა და წონა აქვს, ეს მთავარი არაა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გახარიას პარტიისა და „ლელოს“ კოალიციის გაერთიანების შესახებ პირველი მოწოდება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 სექტემბერს გააკეთა და მხარეები სასაუბროდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მეორე დღს, 17 სექტემბერს დაიბარა.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე პირისპირ შეხვდნენ. გახარია ამბობს, რომ მისი მხრიდან ყველაფერი ნათელია, თუმცა ხაზარაძემ თანაგუნდელებთან კონსულტაციისთვის დრო ითხოვა.

კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ „ლელოს“ გარდა გაერთიანებულები არიან: „თავისუფლების მოედანი“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და ალეკო ელისაშვილი.

16 სექტემბერს „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„თავისუფლების მოედნის“ პოზიციას განსაზღვრავს ჩვენი წევრების და მხარდამჭერების ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ. ჩვენს მხარდამჭერებს ეს ბრძოლა ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ – რეზინის ტყვიების, მომწამლავი აირისა თუ ხელკეტების პირისპირ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება“.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის პოზიციას:

„ეს იქნება რეალურად ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური კოალიცია. თუ შევძელით და საბოლოოდ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ეს იქნება ყველაზე დამანგრეველი, ბოლოსდაბოლოს, შევცვლით ქვეყანაში იმ რეალობას, რომ იყო ორი პოლუსი, ნაცები, ქოცები, 12 წელია ვისმენთ მათგან ერთმანეთის დამუნათებას. ამოვიდა ყელში, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც არც ერთი უნდათ, არც მეორე, გაუჩნდათ არჩევანი “ძლიერი საქართველოს” სახით და უფრო მეტად გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო ომახიანი იქნება ეს ჩვენი არჩევანი“, – განაცხადა მან.

ანა დოლიძე ამბობს, რომ ხალხს ჯერ ვერ აჩვენებს მტკიცებულებას, რომ ერთობით უკეთეს შედეგს მიიღებენ.

„სად არის მაჩვენებლები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ჩვენ ერთად მეტი შედეგი გვაქვს ვიდრე ცალ-ცალკე იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კოალიცია გავაფორმოთ არჩევნების შემდეგ – არჩევნები უნდა მოვიგოთ ჯერ. მტკიცებულება, რომ ჩვენ ერთად უკეთეს შედეგს დავდებთ ვიდრე ცალ-ცალკე, მე ამას ჩემს ხალხს ჯერ ვერ ვაჩვენებ“, – განაცხადა მან.