ხაზარაძე: გერმანიის ელჩის და ჩემი ცოლის ქონების ქირავნობა გაფორმებულია კანონის დაცვით

პუბლიკა

მამუკა ხაზარაძე პასუხობს შემოსავლების სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მათ დაიწყეს მოკვლევა ინფორმაციაზე, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი უძრავ ქონებას მამუკა ხაზარაძისგან ქირაობს.

2 აგვისტოს „ლელო – ძლიერის საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დამახინჯებულს უწოდებენ მამუკა­ ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის საიჯარო ურთიერთობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავენ, რომ გერმანიის ელჩისთვის, იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება.

დღეს, 4 აგვისტოს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „პროპაგანდისტული მედია მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ აღვირახსნილ კაპანიას აწარმოებს”.

„საკითხი ეხება გერმანიის ელჩისა და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით. თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა”. – ამბობს ხაზარაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი და მის მიერ შექმნილი კომპანიები „ყოველწლიურად ასეულ მილიონ ლარს იხდიან ბიუჯეტში” და „ოცნების” წევრებს მიმართა, გამოაქვეყნონ როგორც მისი, ისე ბიძინა ივანიშვილის შენატანები ბიუჯეტში.

„ასევე, არ დაგავიწყდეთ მოიკითხოთ ის 400 მილიონი ლარი, რომელიც სულ ახლახან, იანვარში, ამოუღო ქართველ ხალხს და ბიუჯეტს ჯიბიდან იმ “ოფშორების” კანონით, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერეთ. თუმცა, რუსი, კორუმპირებული „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატებისგან გასაკვირი არაფერია”. – ამბობს მამუკა ხაზარაძე.