ხაზარაძე: გთავაზობთ, ერთობლივად, ერთ დღეს მივმართოთ სიების ჩახსნასა და მანდატების დატოვებაზე

პუბლიკა

მამუკა ხაზარაძის ცნობით, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად კენჭი უყარა და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი პოლიტსაბჭოს სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა.

„გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელმაც მიიღო წარმომადგენლობითი მანდატი, ლეგიტიმაცია არ მიანიჭოს „ქართული ოცნების“ პარლამენტს და უარი თქვას მისთვის მინიჭებული მანდატების გამოყენებაზე. ამის თაობაზე განაცხადი ყველა ოპოზიციურ სუბიექტს გაკეთებული აქვს.

“საარჩევნო კოდექსის” 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, “პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

  • პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.”
  • მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმართვა დასაშვებია პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ, რომელზეც ხდება ახლადარჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა.

შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძალას, ვისაც მიღებული აქვს მანდატები კანონით განსაზღვრული წესით, ერთობლივად, ერთ დღეს, ერთ დროს განვახორციელოთ ეს პროცედურული ქმედება და ერთად მივმართოთ სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს, ამით წერტილს დავუსვამთ ინტერპრეტაციებს და არ მივცემთ არავის ამ თემაზე სპეკულაციების საშუალებას.

მეტი საჯაროობისთვის, მზად ვართ, ეს პოლიტიკური აქტი განვახორციელოთ პრეზიდენტთან შეთანხმებით და მისი ჩართულობით”, – აცხადებს ხაზარაძე.

მანამდე, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ განაცხადეს, რომ პარლამენტის არჩეული წევრები ინდივიდუალური განცხადებით მიმართავენ ცესკოს, არ გატარდნენ რეგისტრაციაში როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი და არ გაიცეს მათზე პარლამენტის არჩეული წევრის დროებითი მოწმობა.