ხაზარაძე ჰომოფობიურ კანონპროექტზე: ლგბტ პროპაგანდას „ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს.

საქმე ეხება „ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ჰომოფობიურ საკანონმდებლო ცვლილებებს.

„ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს. ასევე, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა. ეს არის თემა, რომელიც მათ ძალიან აწუხებთ. შობადობა რომ მცირდება და ოჯახები რომ ინგრევა, ოჯახებს და შვილებს, რომ „სკაიპით” ზრდიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში ემიგრაციაში არიან, აი, ეს არის პრობლემა. უმუშევრობა რომ არის, ეს არის პრობლემა. შემოსავალი რომ არ აქვს ხალხს, ეს არის პრობლემა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველაზე მთავარი, რაც არის იმაზე გავაკეთოთ [აქცენტი]”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

2024 წლის 25 მარტს „ქართულმა ოცნებამ” ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები დააინიციირა, რომელიც მხატვრული ნაწარმოებების ცენზურასა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.

წარდგენამდე მის შესახებ მმართველი გუნდის წევრები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ.

„ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ შეზღუდავდნენ, მათი მტკიცებით, „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს. კერძოდ, მას დაემატება მე-3 მუხლი, სადაც ჩაიწერება, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.

შემდეგ კი უნდა მოხდეს მთელი რიგი კანონების შეცვლა და მათი ჰომოფობიურად ფორმულირება.

მდინარაძის ჰომოფობიურ ინიციატივაში ნათქვამია, რომ „კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს”.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, აკრძალულია იმგვარი შეკრება, ასევე, ისეთი ნაწარმოებების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში ამავე შინაარსის ინფორმაციის მიწოდება.

არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.

ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი რაოდენობით დეპუტატები არ ჰყავს.