კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებაზე კოალიციაში არსებობდა კონსენსუსი და ელოდებოდნენ როდის დანიშნავდა პრეზიდენტი შეხვედრის დროს, რათა ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე.
„3 დღის წინ მე პირადად გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი, ბატონ გახარიასთან და მის გუნდთან დაგვეწყო კონსულტაციები ერთი მიზნის გამო, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რომ საქართველო დავაყენოთ ძალიან სწრაფად ევროკავშირის გზაზე. იცით, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს 2 საათზეც გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზად არის ხელმოსაწერად, იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. 4 საათი იყო დაწყებული, მე ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იმ პრინციპებზე, რაზეც მოვილაპარაკეთ გუშინ და ყველაზე სხვა პირობებზე მე მზად ვარ. მე ვფიქრობ, რომ მომენტუმი იქნება გაშვებული, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას დღეს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე რაღაც ტექნიკური საკითხებია. მე ეს შევძელი, ბადრიმაც, დაწყებული ელისაშვილთან გაერთიანებით, ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე – ისინი არიან ამ გარიგების ნაწილი, მე რახან აქ ვლაპარაკობთ და დღეს მოვდივარ ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ მე ვსაუბრობ კოალიციის სახელით”, – განაცხადა ხაზარაძემ.
გახარიას პარტიისა და „ლელოს“ კოალიციის გაერთიანების შესახებ პირველი მოწოდება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 სექტემბერს გააკეთა და მხარეები სასაუბროდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მეორე დღეს, 17 სექტემბერს დაიბარა.
პრეზიდენტთან შეხვედრამდე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე პირისპირ შეხვდნენ. გახარია ამბობს, რომ მისი მხრიდან ყველაფერი ნათელია, თუმცა ხაზარაძემ თანაგუნდელებთან კონსულტაციისთვის დრო ითხოვა.
დღეს, 19 სექტემბერს გიორგი გახარიას პარტიამ განაცხადა, რომ „საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა”.
პარტიამ „საქართველოსთვის” ასევე თქვა, რომ „მათ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით”.
კოალიცია „ძლიერ საქართველოში“, „ლელოს“ გარდა, გაერთიანებული არიან: „თავისუფლების მოედანი“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და ალეკო ელისაშვილი.
გაერთიანებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები „თავისუფლების მოედანს” და ანა დოლიძეს ჰქონდათ.