„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანების შესახებ და აღნიშნავს, რომ მიესალმება ძალისხმევას ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად. ის კვლავ იმეორებს, რომ მზად არის გიორგი გახარიასთან ამ საკითხებზე ისაუბროს.
„მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში “ძლიერი საქართველოს” როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას.
როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, „ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია.
დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს. თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს”, – წერს მამუკა ხაზარაძე.
კოალიციის კიდევ ერთი წევრი, ლევან ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე კოალიციაში მიიღება ერთობლივად ოთხივე წევრის მიერ.
„თავისუფლების მოედნის“ პოზიციას განსაზღვრავს ჩვენი წევრების და მხარდამჭერების ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ.
ჩვენს მხარდამჭერებს ეს ბრძოლა ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ – რეზინის ტყვიების, მომწამლავი აირისა თუ ხელკეტების პირისპირ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება”, – აღნიშნავს ის.
პრეზიდენტი კოალიციას „ძლიერი საქართველო” და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის” გაერთიანებისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ხვალ, 17 სექტემბერს ორივე მხარეს ორბელიანის სასახლეში ეპატიჟება.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ლელოსთან” თანამშრომლობის ინიციატივა 16 იანვარს გაახმოვანა. გახარიამ თქვა, რომ მისთვის ყველაზე ახლოს მყოფი პარტია „ლელოა” და გამოხატა მზაობა „ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”.
„ლელომ” შემოთავაზება უარყო.
თუმცა, მათი გაერთიანების შესახებ დისკუსია პერიოდულად ჩნდებოდა. 17 ივლისს მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ „არის ოთხი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის შემდეგ მზად იქნება, დაელაპარაკოს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, გიორგი გახარიას”.