კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის მიმართ მმართველი პარტიის არმენოფობიულ კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამის გამო სომხებს ბოდიშს ის უხდის.
სამთავრობო არხი POSTV აწარმოებს კამპანიას, რომლის თანახმადაც, მამუკა ხაზარაძე თავის სომხურ წარმომავლობას მალავს. არხმა ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ჟურნალისტი მამუკა ხაზარაძეს ეკითხება, რატომ მალავს ის „სომხურ წარმომავლობას“.
„ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, „კაგებეშნიკური” პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ. ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი, არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო.
მე ვუხდი მათ ბოდიშს „ოცნების“ უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომის გამო.
ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ.
ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა – ქსენოფობია!
გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას „ძლიერ საქართველოში”.
„ძლიერ საქართველოს” გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს”, – წერს მამუკა ხაზარაძე.
POSTV-ის კამპანიას 11 ოქტომბერს გამოეხმაურა სახალხო დამცველი და აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს”.
ლევან იოსელიანის თქმით, „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მოქალაქე, რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად ჩვენ ყველანი თანასწორი ვართ”.