კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მას ჯერ პირადად სურს, შეხვდეს „გახარია საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას და ამის შემდეგ გაიმართოს საერთო მოლაპარაკებები პრეზიდენტთან.
ხაზარაძე ასევე აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, ასეთი პირადი ერთი-ერთზე შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება”.
„მე, ჩვენ, კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია იმისათვის, რომ დავასრულო „ქართული ოცნების“ მმართველობა, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვალოთ ისინი მთავრობით, რომელიც ემსახურება საქართველოს, რომელიც მიგვიყვანს ევროპულ მომავალთან. ამიტომ, ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ამ მიზნის ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას.
გუშინ მე განვაცხადე, რომ მზად ვარ გადავდო წარსული საკითხები, პირადად შევხვდე გიორგი გახარიას და განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა საერთო ხედვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთად ვიმუშაოთ.
მე გავუგზავნე მას პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით, სამწუხაროდ, ასეთი პირადი ერთი-ერთზე შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება. მიმაჩნია, რომ უპატივცემულობა იქნებოდა, თუკი ჩვენ პრეზიდენტს ერთობლივად შევხვდებოდით, სანამ არ გვექნება კონკრეტული ხედვა ორი, დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ. გვაქვს თუ არა რაიმე საერთო ვალდებულება ევროპული მომავლის მიმართ. მე მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს.
კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მისი პოზიციის გამო”, – წერს მამუკა ხაზარაძე.
16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიციას „ძლიერი საქართველოსთვის” და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის” გაერთიანებისკენ მოუწოდა და მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.